|
ამ ქალბატონმა თავად გვთხოვა, ეს სიტყვები – "ეძღვნება მერაბს" – სათაურად გამოგვეტანა. მის სახლში ყველა ნივთი სიყვარულზე მეტყველებს, კედლებზე მეუღლის ფოტოებია გამოფენილი. სურს, სიყვარულით ნასაზრდოები თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ წიგნიც დაწეროს და ისიც მეუღლეს მიუძღვნას. მათი სიყვარული სკოლის ასაკიდან მეგობრობით დაიწყო, ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ. როცა გააცნობიერეს, რომ ერთმანეთი უყვარდათ, დაქორწინდნენ. სიყვარულით შექმნილი ოჯახური ბუდე მიგრაციამ დაარღვია – ქმარი გასული საუკუნის 90–იან წლებში ამერიკაში წავიდა სამუშაოდ. ცოლ–შვილის წაყვანაც სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. წლობით ენატრებოდათ ერთმანეთი. ბოლოს დრომ და მანძილმა თავისი გაიტანა. იყო დედამთილის უხეში ჩარევაც. როცა შესაძლებლობა მიეცათ, კვლავ ერთად ყოფილიყვნენ, გვიანი იყო – კაცმა პირადი ცხოვრება მოიწყო, ქალი მარტო დარჩა, მაგრამ სიყვარულმა ისეთი სისავსე დაუტოვა, რომ თავს მარტოხელად არ გრძნობს. ჩვენი რესპონდენტი, 40 წელს გადაცილებული, სანდომიანი და, რომ იტყვიან, გემრიელი, ქერა ქალბატონი მანანა თავისი სიყვარულის შესახებ "სარკეს" თვალში ცრემლჩამდგარი ესაუბრა. მანანა: – ჩვენი სიყვარულის ისტორია სკოლიდან დაიწყო. მაშინ მე–9 კლასში ვსწავლობდი. ერთხელ ფანჯრიდან დავინახე სკოლაში მომავალი უცნობი სიმპათიური ბიჭი, მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ამას შეიძლება ერთი ნახვით შეყვარებაც ეწოდოს, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი. გოგონებისგან გავარკვიე, რომ ეს ბიჭი ჩვენს სკოლაში ახალი გადმოსული იყო, მერაბი ერქვა და მე–8 კლასში სწავლობდა. თურმე ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა, მაგრამ მანამდე არასოდეს მენახა. შემდეგ სასწავლო წრეებზე ერთმანეთს ვხვდებოდით, ზოგჯერ საერთო ტრანსპორტითაც ვმგზავრობდით და თანდათან დავმეგობრდით. ერთხელ შემომთავაზა, ბზობაზე ტაძარში წავსულიყავით. დავთქვით შეხვედრა და ქაშვეთის ეკლესიაში წავედით. ეს ჩვენი მეგობრობის მანძილზე პირველი პაემანი იყო. მაშინ ეკლესიაში შესვლას კომკავშირლები თავს ვარიდებდით. რწმენაში არ ვიყავით, მაგრამ ეკლესია, როგორც სულიერი კერა, ჩვენთვის სიწმინდესთან ასოცირდებოდა. მერაბმა ხელი წამავლო და თითქმის ძალით შემიყვანა ტაძარში. დაანთო სანთელი და ვიყიდეთ ბზა. შემდეგ იქვე, ბაღში დავსხედით. იმ დღიდან კიდევ უფრო დავმეგობრდით. სკოლიდან ერთად ვბრუნდებდით ხოლმე. თუ ერთმანეთს პაემანზე შევხვდებოდით, ეკლესიაში მივდიოდით. სკოლა რომ დავამთავრე, კურიოზი შეგვემთხვა: ერთხელ ბოტანიკურ ბაღში გავისეირნეთ. საღამოს გაწვიმდა, ხალხი გარბოდა, ჩვენ კი ერთ დიდ ხეს შევეფარეთ. წვიმამ რომ გადაიღო, ბაღის ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა და გარეთ ვეღარ გამოვედით. მთელი ღამე ბოტანიკურ ბაღში გავატარეთ, ფანჩატურში ვისხედით და ვნერვიულობდით ჩვენს დედებზე. ხმა ვერანაირად მივაწვდენდით. დილით, როგორც კი ჭიშკარი გააღეს, გარეთ გამოვედით და გზაში მერაბმა მითხრა, ნეტა ახლა ღმერთმა გადაგვარჩინოს და შინ თუ მშვიდობა დაგვხვდა, ამ წლის ბოლომდე ყოველ კვირას ეკლესიაში ვიაროთო. მართლაც, "გადავრჩით" და ყოველ კვირას ქაშვეთის ტაძარში დავდიოდით. ნელ–ნელა ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. – სიყვარულში როდის გამოუტყდით ერთმანეთს? – სტუდენტობის პერიოდში. მე პედაგოგიური ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, მერაბი პოლიტექნიკურში სწავლობდა. ერთ დღეს, როცა ერთმანეთს შევხვდით, გადამეხვია და მითხრა, გვეყოფა ასე სიარული, გამოვტყდეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარსო. სპონტანურად შევიტანეთ განცხადება ქორწინების სახლში და ერთი თვე მოგვცეს მოსაფიქრებლად. ამ ხნის მანძილზე ვყოყმანობდი, ჯერ სტუდენტები ვართ და ხომ არ დავფიქრდეთ–მეთქი. თანაც ვიცოდი, რომ დედამისს არ ვუნდოდი. ალბათ მარტოხელა ქალი ჯერ არ იყო მზად რძლის მოსაყვანად. თანაც მატერიალურად მდიდარი რძალი უნდოდა, მაგრამ მერაბის გადაწყვეტილება მტკიცე იყო. ვიქირავეთ ბინა, მოვაწყვეთ, ჩვენი სტიპენდიით ყველა საჭირო ნივთი შევიძინეთ და დათქმულ დროს ხელი მოვაწერეთ. სანამ გავყვებოდი, მერაბს ვუთხარი, პატარა გოგო არ ვარ, რომ სახლიდან გავიპარო, მიდი და მამაჩემს კაცურად დაელაპარაკე–მეთქი. მერაბმა მამას უთხრა, თქვენი ქალიშვილი მიყვარს და გვინდა, ოჯახი შევქმნათო. მამამ უპასუხა, შენი მესმის, მაგრამ ჯერ შენი ოჯახის წევრები, ნათესავები მობრძანდნენ, დავილაპარაკებთ და მერე ვნახოთ, შვილს ქუჩაში ხომ არ გავუშვებო. ამასობაში მე პარკში ველოდებოდი და ვნერვიულობდი. უკანდაბრუნებულმა მერაბმა განმიცხადა, მე ჩემი სათქმელი ვუთხარი და აწი ვერავინ შემედავება, წავიდეთო. დედას სიყვარულით და ბოდიშით სავსე წერილი დავუტოვე და დავქორწინდით. ჯვარიც დავიწერეთ. ჩემი მშობლები მეორე დღესვე მოვიდნენ სანახავად.
ინსტიტუტში დაუსწრებელ განყოფილებაზე გადავედი, ბინის ქირა რომ გადაგვეხადა. მატერიალურად ჩემი მშობლები და ნათესავებიც გვეხმარებოდნენ. ორი თვის შემდეგ მერაბის დები გვესტუმრნენ და გვითხრეს, სახლში წამოდითო. მე, რა, დედა არ მყავსო, მიუგო მერაბმა. საღამოხანს დედამისიც მოვიდა... საცხოვრებლად მასთან გადავედით. დედამთილს აშკარად არ ვუნდოდი, თორემ ამ საქმეს ორი თვის ლოდინი რად უნდოდა. – ქმართან ბედნიერად ცხოვრობდით? – სანამ მეგობრები ვიყავით, ყოველთვის მეუბნებოდა, შენ ჩემთვის დაც ხარ, დედაც და ამხანაგიცო. როცა დავქორწინდით, ერთმანეთს ისე ვეწყობოდით, რომ ჩვენი 16 წლის ცოლქმრული თანაცხოვრების მანძილზე უსიამოვნება არ გვქონია. მერაბი საუკეთესო მეუღლე იყო. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ბიჭი შეგვეძინა. – რატომ გადაწყვიტა მერაბმა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, მატერიალურმა გაჭირვებამ აიძულა? – 90–იან წლებში ქვეყანაში საყოველთაო გაჭირვება იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ოჯახს უჭირდა. შევიძინეთ მანქანა, ბინა, აგარაკი. არაფრისგან ყველაფერს შევქმნიდით, მაგრამ მაშინ ფსიქოლოგიური მომენტი იყო, ხალხს დაუცველობის, ხვალინდელი დღის შიში გაუჩნდა. მერაბი დარწმუნებული იყო, რომ მალე მე და ჩვენს შვილსაც წაგვიყვანდა, მაგრამ მოტყუვდა. ის კი არა, მთელი ათი წელი საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო. – განშორება ალბათ მძიმედ გადაიტანეთ. – ძალიან მძიმედ. რომ გენახათ, აეროპორტში როგორ ტიროდა! გამგზავრებამდე ორი დღით ადრე დავითგარეჯში წამიყვანა, მე რომ წავალ, ამ წმინდა ადგილს ვიღა განახებსო. ჩვენი მანქანით ხშირად ვაწყობდით ხოლმე ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მოვლილი გვაქვს ნინოწმინდა, ბოდბე, ზედაზენი... ძალიან ხშირად მირეკავდა, ფულს აგზავნიდა. წელიწადნახევარია, ჩვენი ურთიერთობა შეწყდა. – ეს დიდი სიყვარული დრომ და მანძილმა დაარღვია? – დროს და მანძილს რომ დაერღვია, რამდენიმე წლის შემდეგ შვილს თავისთან არ წაიყვანდა და წლობით ჩემ მიმართ ამერიკიდან ამდენ სითბოს არ გამოამჟღავნებდა. ეს დედამისის უხეში ზეგავლენის შედეგი იყო. მას დედური ეგოიზმი სძლევდა, შვილზე ეჭვიანობდა და მისი ჩემდამი ასეთი მზრუნველობა არ მოსწონდა. გასული წლის ოქტომბერში მერაბი თბილისში ჩამოვიდა. მე 27 წელია, თბილისში დედამთილთან ერთად ვცხოვრობ და ცხადია, ქმარს ოჯახში დავხვდი. მერაბი არ დამელაპარაკა. მასთან კონტაქტს შევეცადე, მაგრამ თვალებში რომ შევხედე, მივხვდი, ეს ვიზიტი დროებითი იყო, თვალებში დაბნეულობა ეტყობოდა. წინა წელს მას ჩემთვის დაბადების დღე არ მოულოცავს, მაშინ, როცა ყოველ განსაკუთრებულ დღესასწაულს (ახალი წელი იყო თუ დაბადების დღეები) ტელეფონით ერთად ვხვდებოდით. ამან ძალიან გამაკვირვა და დავურეკე. მიპასუხა, აბა, მე რა ვქნა, შენ ვერ ჩამოდიხარ და პირადი ცხოვრება ხომ მინდა, კაცი ვარ და უნდა გამიგოო. რამდენიმე წლის წინ ჩემი ვაჟი წავიდა ამერიკაში სასწავლებლად, მამამისთან იყო, მაგრამ ახლა ცალკეა – ვის სიამოვნებს დედის ნაცვლად მამის გვერდით სხვა ქალის ყურება?! რომ დამლაპარაკებოდა, დასკვნებს გავაკეთებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საუბარი არ შედგა. მე მასში ის ადამიანი მიყვარს, ვისაც ვიცნობდი. იმ ბედნიერებამ ისეთი სისავსე დამიტოვა, რომ თავს მარტო არ ვგრძნობ. გარდა ამისა, მყავს შვილი, ძალიან კარგი საახლობლო, რომელიც მარტო დარჩენის საშუალებას არ მაძლევს. – თქვენი დედამთილის როლი ამ ყველაფერში როგორია? – ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემსა და მერაბს შორის შავ კატას გაერბინა. ერთხელ ხელში ჩამივარდა მისი წერილი, სადაც შვილს აუწყებდა, შენი ცოლი ბევრს ხარჯავს და ფულს ნუ გამოუგზავნიო. არადა მივიღებდი თუ არა ფულს, მაშინვე გადავახურდავებდი და მის დიდ ნაწილს მერაბთან ტელეფონზე საუბარში ვხარჯავდი, მარტოობა რომ არ ეგრძნო. მერაბის თბილისში ვიზიტის მიზანი კი ის იყო, რომ ჩვენი ბინა თავის სახელზე გადაეფორმებინა. მანამდე დედამთილს ჩვენს ვაჟზე ჰქონდა ანდერძი გაკეთებული, მაგრამ მერაბის ჩამოსვლის შემდეგ ანდერძი გააუქმა და მერაბზე ბინის ჩუქება გააკეთა – ფაქტობრივად მამამ შვილს ბინა წაართვა. არადა ჩვენი შვილით იღვიძებდა და იძინებდა. პრაქტიკულად მეც ქუჩაში ვრჩები. მერაბის ასეთი გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. როცა ჩვენი ბიჭი ამერიკაში ჩავიდა, მერაბი მირეკავდა და მადლობებს მიხდიდა ასეთი კარგი შვილის აღზრდისთვის. სამწუხაროა, რომ ჩემმა დედამთილმა თავისი ენით არამარტო ჩემზე აუცრუა გული მერაბს, არამედ ჩვენს ვაჟზედაც. მისი ზეგავლენით მამა–შვილს შორისაც დაირღვა ურთიერთობა. მან ჩვენი ქორწინებისთანავე დაიქადნა, რომ მე და მერაბს ერთმანეთს დაგვაშორებდა და მიზანსაც მიაღწია, თბილისიდან ამერიკაში, ჩემგან შორს მყოფ მერაბზე ზეგავლენის მოხდენა შეძლო. მე და ჩემს ქმარს ერთად რომ გვეცხოვრა, ცხადია, ეს არ მოხდებოდა. – მომავალს როგორ ხედავთ? – ჩემი ბიჭი მპირდება, რომ როგორც კი ამერიკაში საქმეს ააწყობს, მეც წამიყვანს. მე მაინც ბედნიერ ქალად ვთვლი თავს, რომ ცხოვრებაში ეს ყველაფერი მქონდა. ყველაფერი ღვთის ნებაა. მთელი ახალგაზრდობის წლები ჩვენს წმინდა სიყვარულს უფალს ვავედრებდით და დარწმუნებული ვარ, ღმერთი არ გამწირავს.
|