– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
– 19 წლის ვიყავი, როდესაც ნიკა გავიცანი. როგორც თვითონ მეუბნებოდა ერთი დანახვით შევუყვარდი. თავიდან მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ თავი შემაყვარა. ორიგინალურ საჩუქრებს მიკეთებდა, სიმღერებს მიძღვნიდა, ყოველ დილით კარებთან ვარდებს მიტოვებდა. ცოტა ხანში მივხვდი, რომ მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ მასთან ურთიერთობას ჩემი ბავშვობის დაქალი მიშლიდა. მეუბნებოდა, შენი შესაფერისი არ არისო, გაუნათლებელია, სიმღერის და ცეკვის მეტი არაფერი იცისო. შენი მშობლები ამას ვერ გადაიტანენო. ნიკა ძალიან მიყვარდა, მაგრამ თათასთან საუბრის მერე, მის მიმართ ყოველთვის აგრესიული ვიყავი. სულ ვეჩხუბებოდი, ვამცირებდი. სხვას ვფიქრობდი და სხვას ვეუბნებოდი. ბოლოს ნიკამ ვეღარ აიტანა ეს ყველაფერი და ჩემი ცხოვრებიდან უეცრად გაქრა, ისე რომ, ჩემთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ მისი დაკარგვის შემდეგ მივხვდი, როგორ მყვარებია. ამ ამბების შემდეგ, ჩემი დაქალის დანახვაც არ მინდოდა. თავს ვარიდებდი, სახლში ჩავიკეტე, საშინელი დეპრესია დამეწყო. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე თათას ნიკა ჰყვარებია და მასთან ურთიერთობას ამიტომ მიშლიდა.
– ეს ამბავი როგორ გაიგეთ?
– ერთხელ სახლში გვიან დაბრუნება მომიწია. სადარბაზოსთან ნიკას და თათას ჩხუბს შევესწარი. თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყვნენ. მაგრამ უეცრად ჩემი სახელი გავიგე და გავჩერდი. სწორედ მაშინ ბევრ საიდუმლოს ფარდა აეხადა. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. თანაც ჩემთვის მძიმე გასახსენებელია.
– შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება?
– ნიკა სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა და მასზე აღარაფერი მსმენია. თათასთან ურთიერთობა სამუდამოდ გავწყვიტე. არადა ჩემი ბავშვობის დაქალი იყო. ძალიან ვენდობოდი. წარმოიდგინეთ, ნიკას გამოჩენამდე ერთხელაც კი არ გვიკამათია. ვცდილობდი, თათასთვის გამეგო, მისი საქციელისთვის ახსნა მომეძებნა, მაგრამ რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო ვბრაზდებოდი. ამ ყველაფრის გადატანაში დედა დამეხმარა. დიდი დრო არ იყო გასული, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეძლო ჩემს გულში ყინულის გალღობა. ცოლად მალევე გავყევი. ვერ გეტყვით, რომ მიყვარდა. გრძნობა შემდეგ მოვიდა, მასთან თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები და მესაიდუმლეები ვიყავით, შვილებიც შეგვეძინა. მოკლედ, მართლა იდეალური ოჯახი გვქონდა და დღესაც ასეა. ჩვენი უფროსი ქალიშვილი, ნატა, 17 წლის ასაკში გათხოვდა. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო და ძალიან განვიცადეთ. თან არც სიძეს ვიცნობდით მანმადე. ნატას რამდენიმე დღე არ ველაპარაკებოდით, გვეგონა ამით დავსჯიდით. ქორწილში ნათესავებმა დიდი ხვეწნა–მუდარით წაგვიყვანეს. იცით ქორწილში ვინ ვნახე? ნიკა, ჩემი პირველი სიყვარული. მის დანახვაზე ფეხები ამიკანკალდა, ფერი დავკარგე. ცუდად გავხდი. ყველამ ჩათვალა, რომ ასე შვილის დანახვის გამო ვიყავი. ნიკაც ძალიან დაბნეული და აფორიაქებული იყო. ის ჩემი სიძის მამა აღმოჩნდა.
– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– თავიდან ჩემს შვილთან არც კი დავდიოდი, ნიკასთან შეხვედრას გავურბოდი. შემდეგ ნელ–ნელა მოვახერხე ამ ბარიერის გადალახვა. ახლა ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს. ნიკას არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს და ჩემს შვილს ძალიან კარგად ექცევიან.
– თქვენმა მეუღლემ იცის ნიკას შესახებ?
– იცის. ზემოთ აღვნიშნე, რომ მე და ჩემი მეუღლე საუკეთესო მეგობრ
ები ვართ. ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. სწორედ ის დამეხმარა ამ ბარიერის გადალახვაში. გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია