საკმაოდ რთულია, იპოვო გულახდილი მეგობარი. ნინამაც გადაწყვიტა, თავის მწუხარებაზე ჩვენთან ესაუბრა. 22 წლის ნინას შეცდომა ბედნიერებად ექცა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ამ ბედნიერების მისაღწევად დიდი გზა გაიარა, ამაში მას უფალი დაეხმარა. ნინამ ინტერნეტის საშუალებით გამოგვიგზავნა წერილი და "გუმბათს" გულახდილად ესაუბრა.
ნინა, 22 წლის:
– ჩემი ისტორია ძალიან ვრცელია, თუმცა, შევეცდები, თქვენთან ეს ყველაფერი ასე თუ ისე მოვყვე. 17 წლის ვიყავი, როცა ერთი ბიჭი შემიყვარდა. იმაზეც თვალი დავხუჭე, რომ ნაცოლარი იყო. ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ადამიანს შეიძლება ერთხელ არ გაუმართლოს. სიგიჟემდე მომეწონა და ვცდილობდი, მასთან ურთიერთობა ამეწყო. ისიც თბილად მექცეოდა, ალბათ, დროებითი გასართობი ვიყავი, ან ის ადამიანი, რომელიც მარტოობის დროს სჭირდებათ. დათო ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, თბილად მექცეოდა და მეც შემიყვარდა.
– მას არ უყვარდით?
– თქვენ წარმოიდგინეთ, დღესაც კი არ ვიცი, ვუყვარდი თუ არა. მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. ჩემი მშობლები უკვე კარგა ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობენ. დათოც ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. დეიდა თუ მკითხულობდა, ისიც ათასში ერთხელ. რა თქმა უნდა, გვერდით მინდოდა ადამიანი, ძლიერი მამაკაცი, რომელსაც ვეყვარებოდი, რომელიც გასაჭირში არ მიმატოვებდა. თუმცა, ერთხელაც, დათო სახლიდან წავიდა და ისიც კი არ ვიცოდი, რა მოხდა. საკუთარ თავსაც კი ვადანაშაულებდი, რამე ხომ არ დავაშავე–მეთქი. ტელეფონზე ვურეკავდი, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. სულ გამორთული ჰქონდა.
– ვერ მიაგენით?
– ერთი კვირის განმავლობაში ვეძებდი მეგობრების დახმარებით. მეშინოდა, იქნებ რაიმე მოუვიდა–მეთქი? ბოლოს მისი უახლოესი მეგობარი შემხვდა, ვკითხე დათოს შესახებ, მან კი ისეთი რამ მითხრა, რასაც ვერც კი გავიფიქრებდი. დათოს ცოლი მოჰყავდა, ვიღაც მდიდარი გოგონა. ეს სიტყვები ისე ჩამესმოდა გულში, თითქოს გილიოტინაზე გამიყვანეს და თავის მოჭრას მიპირებდნენ. ხმამაღალი ტირილი დავიწყე, საკუთარი თავი მეზიზღებოდა. დათო უკვე ქმრად მიმაჩნდა. იმ წუთში მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი. თუმცა, ყველაფერი წინ იყო. უფალმა განსაცდელი მომივლინა.
– არაფერი მოგიმოქმედებიათ?
– ვერანაირად ჩავშლიდი უკვე დაგეგილმილ ქორწილს. დათო ბედნიერი იყო. ვუყურებდი, როგორ იწერდა ჯვარს ჩემი საყვარელი ადამიანი, როგორ ვშორდებოდი მას დიდი ნაბიჯით და როგორ მტოვებდა ის უსიტყვოდ, უპასუხოდ. მე კი მისგან პატარას ველოდებოდი. პატარა იმდენად შემიყვარდა, რომ არც კი მიფიქრია, დათოსთვის ბედნიერება წამერთმია, მან ხომ მეც მაჩუქა ის, რასაც ყველა ქალი ნატრობს. ვუყურებდი ჯვრისწერას და ცრემლები თავისით მოდიოდა. მაპატიოს უფალმა, მაგრამ აბორტზეც კი ვიფიქრე ერთი წამით. კიდევ კარგი, რომ ეს სისრულეში არ მოვიყვანე. ეს რომ გამეკეთებინა, წავშლიდი ჩემი ცხოვრებიდან იმას, რაც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა იყო. ეს იგივე იქნებოდა, რომ ჩემივე ხელით მომეკლა ჩემი სიყვარულის ნაყოფი – ღვთის საჩუქარი.
– რატომ ოჯახის წევრებს არ უამბეთ ამის შესახებ?
– ძალიან ბევრი ნათესავი მყავს, თითქმის ყველანი ჩემი ტოლები არიან და მეგონა, გამიგებდნენ. სახლში ვთხოვე მოსვლა და ვუამბე, რაც ხდებოდა. ვაღიარებდი მათ წინაშე ჩემს შეცდომას, თუმცა, მათთვის ეს შოკი აღმოჩნდა – ვერ გამიგეს, არ მიმიღეს და ზურგი მაქციეს. ფეხმძიმედ ვიყავი და ქუჩაში აღმოვჩნდი. მაშინ გამახსენდა ჩემი დაქალის სიტყვები, რომ უფალი ყოველთვის დამეხმარებოდა და მეც ჩემს მოძღვართან მივედი. მოვუყევი ჩემი ამბავი. მის წინაშე ისიც ვაღიარე, რომ აბორტის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი. მანაც საკუთარ სახლში მიმიღო. როგორც საკუთარ შვილებს უვლიდა, ისე მივლიდა და ჩემთვის სამშობიარო ფულს აგროვებდა. მან ჩემი შვილის სიცოცხლე იხსნა. დათო მას შემდეგ აღარ მინახავს, ყოველთვის მელანდებოდა მისი ჯვრისწერა.
– შვილის არსებობის შესახებ, დღესაც არ იცის?
– მშობიარობის შემდეგაც მოძღვართან ვცხოვრობდი. მამაო მეუბნებოდა, რომ ბავშვის მამისთვის აუცილებლად უნდა მეთქვა, რომ შვილი ჰყავდა. მე უფლება არ მქონდა, ეს ყველაფერი დამემალა. ფაქტობრივად, შვილს მამას ვართმევდი. ერთხელაც, გამბედაობა მოვიკრიბე და მასთან მივედი. ვიცოდი, სადაც მუშაობდა და როცა დავინახე, მივხვდი, რომ ისევ ისე მიყვარდა, როგორც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს. არაფერი შეცვლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს შვილს ხანდახან საჭმელი და სასმელი არ გვქონდა, ტანსაცმელიც გვაკლდა, მე ის მაინც მიყვარდა და ვპატიობდი იმას, რაც გამიკეთა. მაგრამ მან ხომ საერთოდ არ იცოდა შვილის არსებობა.
– როგორი იყო მისი რეაქცია, არ გაუკვირდა თქვენი დანახვა?
– კი, გაუკვირდა. არ ელოდა ჩემს ნახვას. თუმცა, არც მეორე ცოლთან ჰქონდა დალაგებული ურთიერთობა. ძალიან დასუსტებული და დაღლილი სახე ჰქონდა. ასეთი არც კი მახსოვს. მშვიდად ვესაუბრე და პატარაზეც მოვუყევი. არ გეგონოს, რამეს გავალდებულებ–მეთქი, უბრალოდ, მინდა, შვილის არსებობა იცოდე–თქო. მოხდა ის, რასაც არ ველოდი. მას თვალები გაუბწყინდა, თითქოს სიცოცხე დაუბრუნდა, თითქოს ეს ის იყო, რაც სჭირდებოდა. თითქოს ეწყინა კიდეც, რომ დავუმალე. მთხოვა, მისთვის ბავშვი მეჩვენებინა. ეჭვიც არ შეჰპარვია იმაში, რომ ანასტასია მისი შვილი არ იყო. ერთხელაც მე და ანი მას ეკლესიის ეზოში შევხვდით. მას შემდეგ, დათო ბავშვს არ სცილდება. მას საკმაოდ კარგი მშობლები ჰყავს. ისინი ჩვენზე ზრუნავენ და თბილად მექცევიან, შვილიშვილსაც არაფერს აკლებენ. უფალმა მიმიყვანა ამ გზამდე, რომ ჩემს შვილს თავისი მამა, ბებო და ბაბუ არ დაუკარგა, მადლობელი ვარ უფლის, ამ მადლისთვის. მართალია, მე და დათო ერთად არ ვცხოვრობთ, ბევრი მიტირია, ბევრი ტანჯვა განმიცდია, მაგრამ მე ის ბედნიერება მაქვს, რასაც ჩემი შვილი – ანასტასია – ჰქვია.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია