მთელი ზაფხულია, კლასელები არ მინახავს. ჯერ სოფელში, მერე კი ზღვაზე ვიყავი. იქიდან რომ დავბრუნდი, კლასელებს დავუკავშირდი, მოვიკითხე. ვინც თბილისში ვიყავით ჩამოსული, გადავწყვიტეთ, სკოლაში მისვლამდე ერთმანეთს შევხვედროდით და გველაპარაკა. შეხვედრის დღე დავთქვით და ერთ–ერთ კაფეში შევიკრიბეთ.
ხუთი ბიჭი და ორი გოგო ვიყავით. მე ზღვაზე კარგად გავირუჯე და, ჩემი აზრით, ძალიან მიხდება. კაფეში რომ შევედი, ბიჭებმა მითხრეს, ვაა, რა მაგრად გამოიყურები, შეცვლილი ხარო. ჩემს დაქალს შევატყვე, არ ესიამოვნა, ყურადღების ცენტრში რომ აღმოვჩნდი. რაღაც ჩაიბურტყუნა, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე. ერთ–ერთმა მითხრა, მაგარი "ზაგარი" გაქვსო. ჩემმა დაქალმა კი დამცინავად უთხრა, ბებოს სახურავზე მიღებული "ზაგარიაო". ვუთხარი, ზღვაზე ვიყავი და სოფელში სახურავზე ნამდვილად არ ვწოლილვარ–მეთქი. მერე ბიჭებმა დაიწყეს – სოფელში "დაზაგრვა" სულაც არ ტეხავსო. მე არც სოფელში გარუჯვა მიტყდება და არც ზღვაზე დასვენებით ვმარიაჟობ, მაგრამ სიმართლე რაც არის, რატომ უნდა დავმალო?! მართლა ზღვაზე დავისვენე...
დაქალზე ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ მან კარგად იცის, იმ ხუთი ბიჭიდან ერთ–ერთი როგორ მიყვარს. მინდა, რომ მასაც ისევე მოვწონდე და ვუყვარდე, როგორც მე მიყვარს, ამიტომ ჩემს დაქალს მასხრად არ უნდა ავეგდე. არ ვიცი, სკოლაში რომ მივალ, მასთან მეგობრობას ისევ შევძლებ თუ არა. ამ წუთში კი ამაში ეჭვი ძალიან მეპარება.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია