ჩვენი რესპონდენტი, საკმაოდ ახალგაზრდული იერის მქონე 45 წლის სიმპათიური მამაკაცი ლაშა, ძალოვანი სპორტის ერთ–ერთი სახეობის ყოფილი წარმომადგენელია. წლების განმავლობაში თავისი პროფესიით მუშაობდა. ქვეყანაში შექმნილი არეულობით სამსახური დაკარგა. უინტერესო საქმიანობამ, რომელსაც მხოლოდ ოჯახის რჩენის მიზნით ეწეოდა, "რაიმე სხვაზე გადართვის" სურვილი გაუღვიძა და თავადაც ვერ მიხვდა, ისე ჩამოყალიბდა ნარკომანად.
როგორც ლაშა ამბობს, ჯოჯოხეთში ოთხი წელი გაატარა. ცხოვრებაში დაბრუნების დიდმა სურვილმა, ცოლ–შვილის სიყვარულმა და სპორტით გამობრძმედილმა ნებისყოფამ ეს მძიმე განსაცდელი გადაალახვინა. გვერდით ერთგულად ედგა მეუღლე ნუცა. დღეს მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ.
იმ ჩვეულებრივ, ადამიანურ სასწაულზე, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, ლაშა "სარკეს" უამბობს.
ლაშა:
– მე და დიმა ბავშვობის მეგობრები ვართ. სხვადასხვა პროფესია გვაქვს, მაგრამ უმუშევრობის პირობებში საერთო სამსახურში – დისტრიბუციაში მოვხვდით. გამთენიისას მანქანით გვიწევდა გასვლა და სხვადასხვა პუნქტში პროდუქციას ვაბარებდით. საჭესთან გვიწევდა ჯდომა, სასმელს კატეგორიულად თავს ვარიდებდით. მოხდა ისე, რომ ჩვენმა ახლობელმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სუბოტექსი გამოგვიგზავნა. მისი მიღება დავიწყეთ დაახლოებით თვეში ერთხელ. მერე მოვუხშირეთ და ამან სისტემატური ხასიათი მიიღო. მერე ის ახლობელი კაცი წამალს ვეღარ გვიგზავნიდა და ჩვენ ყიდვა გვიწევდა.
– ნუთუ აუცილებელი იყო, რომ ან დაგელიათ და კაიფი გეძებნათ?
– როცა ადამიანი თვითრეალიზაციას ვერ ახდენს თავის საქმიანობაში და იძულებულია, ოჯახის რჩენის მიზნით მისთვის უინტერესო სამუშაო შეასრულოს – თავდავიწყებას ასეთ საქმეში ეძებს. თავის დროზე სპორტის სამყაროში საკმაოდ თვალსაჩინო ადგილი მეკავა. ქვეყანა რომ აირია, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ხან სად ვმუშაობდი, ხან – სად. წამლის მიღება რომ დავიწყე, მაშინ ვფიქრობდი, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო თავის განებება, საკუთარი თავის იმედი მქონდა.
– ანუ ვერ წარმოიდგინეთ, რომ სპორტში გამობრძმედილ კაცს რამე მოგერეოდათ?
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ადრეც ყოფილა ათასში ერთხელ შემთხვევა, როცა უბანში გამისინჯავს. მერე, დროთა განმავლობაში, ისე მიეჩვია ორგანიზმი, რომ სუბოტექსი აღარც მშველოდა და ჰეროინის კეთება დავიწყე. ჰეროინი ძვირი ღირდა. ეს არის ჯოჯოხეთური სატყუარა, რომელიც თანდათან გითრევს.
– თავიდან ალბათ არც გეტყობოდათ. როდის გამჟღავნდა?
– ერთი წელი საერთოდ ვერ მამჩნევდნენ. მერე უკვე ეზოში რომ ჩავდიოდი, ისეთი კატეგორიის ხალხთან მხედავდნენ, მათ გვერდით შენც რომ უნდა აკეთებდე რაღაცას. ბოლო წლები დღეში ორჯერ, სამჯერაც მიწევდა კეთება. წამალდამოკიდებულ ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ. იყო ხშირი რეკვები, სახლში გვიან მოვდიოდი, მეტწილად აღგზნებული ვიყავი. ხასიათი შემეცვალა. ნამდვილი მიზეზი რომ დამემალა, ტყუილების თქმა დავიწყე. ავადმყოფურად გავხდი და წონაში ვეღარ ვიმატებდი. მანქანა გავყიდე და ის ფულიც სადღაც წავიდა. ადრე თუ ოჯახს ჩემი ხელფასით ვარჩენდი, ახლა ათასში ერთხელ საჭმელი რომ შემომეტანა. მთელი შემოსავალი წამალში მიდიოდა. ასე მიხვდნენ ოჯახში ჩემი მეუღლე და ბავშვები. უფროსი ბიჭი სტუდენტი იყო, ხოლო გოგონა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა.
– ამით ალბათ თქვენს ცოლ–შვილს ბევრი რამე აკლდებოდა. სინდისი უკან არ გექაჩებოდათ?
– წამლისგან სიამოვნებას მხოლოდ თავიდან, ერთი–ორი წელი იღებ. მაშინ კი პირადი სიამოვნებისთვის სხვა ადამიანების დაზარალება ასე თვალსაჩინოდ გამოხატული არ არის, ანუ მაინც ახერხებ, ოჯახურ პრობლემებს გასწვდე. მერე უკვე გეწყება აბსტინენცია, ე.წ. ლომკა. ოღონდ ცუდად არ იყო და არაფერს ჩივი. დილა რომ თენდებოდა, მხოლოდ იმაზე ვზრუნავდი, როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის, ანუ მომეპოვებინა და მიმეღო საჭირო დოზა, სხვა მიზანი არ მქონდა. სადღაც პირველი საათისთვის ვიკეთებდი წამალს და სხვა დანარჩენ საქმეებს მერე ვაგვარებდი.
– თქვენი წამალდამოკიდებულების ამბავი რომ გამჟღავნდა, ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდა?
– ძალიან ცუდი. მეუღლე და შვილები მეჩხუბებოდნენ, მშობლებიც საშინელ დღეში იყვნენ. ცალკე პოლიცია მაწუხებდა... გადავწყვიტე მკურნალობა, სისხლის გაწმენდა. დავდიოდი საავადმყოფოში, ერთი თვე ვიმკურნალე, ჩავიტარე კურსი, მაგრამ მაინც ვერ დავანებე თავი. ღმერთს ვთხოვდი, ისეთი დილა გამითენდეს, უბრალოდ ავდგე და წამალზე არ ვიფიქრო–მეთქი. სანატრელი გამიხდა, ცუდად არ ვყოფილიყავი, "ლომკა" არ მქონოდა, ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანივით მეცხოვრა. საკუთარ თავთან მუდმივ ბრძოლებში ვიყავი.
– და როგორ სძლიეთ თავს?
– შეიძლება ითქვას, ცოლის და ბავშვების სიყვარულით. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები უკვე აღარ მელაპარაკებოდნენ. მათ თვალში ნდობა დავკარგე. იყო საშიშროება, ისინი დამეკარგა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემი მიზეზით მათ ცხოვრებას ვუნგრევდი. ეკლესიაში რამდენჯერმე ხატთან დავიფიცე... სექტემბრის მერე საერთოდ აღარ გავკარებივარ. თანდათან, დოზის შემცირებით მდგომარეობიდან გამოვედი – ყველაფერი გავთვალე, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემი თავისთვის და ოჯახისთვის მეშველა. ყველას უკვირს, რომ ჩემით გადავლახე. წამალდამოკიდებული ადამიანისთვის ეს ძალიან ძნელი საქმეა. ჩათვალეთ, რომ ჯოჯოხეთში ვიყავი და იქიდან გამოვძვერი. ან უნდა დაგიჭირონ, ან ცალი ფეხი სამარეში გაქვს. აღარავინ გენდობა, "ბანძდები", შემთხვევით რამე შარში რომ გაეხვიო, უთუოდ შენ დაგადანაშაულებენ. ვინაიდან წამალდამოკიდებული ხარ, თავს მუდმივად შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობ... საკუთარ თავს ვეღარ ვიტანდი.
– ქალისთვის კი ძალიან რთულია ამხელა ტვირთის ზიდვა. თქვენმა მეუღლემ ეს ეტაპი როგორ გადაიტანა?
– ნუცა ყველანაირად გვერდით დამიდგა, ერთი წუთითაც არ მტოვებდა. სულ ჩამჩიჩინებდა, შენ ხომ გაქვს ნებისყოფა და შეგიძლია გადალახოო. ცხადია, კონფლიქტებიც გვქონდა, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი, სახლიდან გავქცეულიყავი და ჩხუბისთვის თავი ამერიდებინა. ფაქტობრივად რეალობას გავურბოდი. ნუცას რომ ხელი ეკრა, ალბათ დავიღუპებოდი. ხომ შეეძლო ეთქვა, წადი, თავი დამანებე, არ მინდა შენნაირი ქმარიო. ვინ გაამტყუნებდა?! ახლო ნათესავებიდან საერთოდ არავინ მელაპარაკებოდა. ახლა შემირიგდნენ. ერთხანს ბავშვებიც დამიპირისპირდნენ, ჩემი საქციელის რცხვენოდათ. ნუცამ ბევრი იმუშავა, რომ შვილებს ჩემი სიყვარული არ დაეკარგათ. ცდილობდა, ყველა ის სიკეთე შეეხსენებინა, რაც მათთან წარსულში მაკავშირებდა.
ახლა თითქოს ის ოთხი წელი აღარც ყოფილა და თავიდან ვიწყებთ ცხოვრებას. ასეთ თანადგომას ყველა ვერ შეძლებს. ნუცა სხვანაირი ადამიანია, სხვა გაგება აქვს. ჩემს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა. ბევრი მოითმინა, სამაგიეროდ დარჩენილი ცხოვრება კარგად იქნება, აღარასოდეს ჩავაგდებ ასეთ სიტუაციაში. ყველანაირ პირობას შევუქმნი, რომ თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნოს. ახლა სულ ერთად ვართ, ეს ჩვენი მცირე ბიზნესიც ერთად წამოვიწყეთ.
სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი დიმა დღემდე ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან. მისი ცოლი სხვაგვარად მოიქცა, არა მხოლოდ მიატოვა ქმარი, შვილებიც აუმხედრა და თავისი საქციელის გამართლების მიზნით ქვეყანას მოსდო ქმრის ნარკომანობის ამბავი. დიმა ამას კინაღამ გადაჰყვა. რამდენჯერმე იმკურნალა კიდეც, თავის დანებებას შეეცადა, მაგრამ მარტო ვერაფერს გახდა. მე, ფაქტობრივად, ჩემმა სიყვარულმა და ნებისყოფამ გადამარჩინა. – ანუ აუტოტრენინგები ჩაუტარეთ საკუთარ თავს, ფსიქოლოგიურად დაარწმუნეთ, რომ უნდა გამოსულიყავით და ამ გზამ გაჭრა?
– თუ ადამიანს ნებისყოფა აქვს, ყველაფერს გადალახავს. მე ნებისყოფამ გამაკეთებინა ის, რაშიც სამედიცინო ჩარევამ ვერ მიშველა. საერთოდ, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით უფრო ადვილია ნაკროტიკისთვის თავის დანებება. ორმოცი წლის ვიყავი, წამალდამოკიდებული რომ გავხდი.
– თავიდან რატომ დაიწყეთ?
– ვუყურებდი, როგორც გართობის საშუალებას. ფულს ვშოულობდი, ქალებში სიარული მე არ მიყვარს, რესტორნები ყელში ამომივიდა, კაზინოში არ დავდიოდი...
– მაპატიეთ, მაგრამ ქალების, კაზინოს, ქეიფის ან კაიფის გარდა, სხვა გართობის საშუალება მამაკაცისთვის არ არსებობს?
– ახლა სანადიროდ და სათევზაოდ დავდივარ. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული იმ წრეზე, რომელშიც ტრიალებ. ჩემს სამეგობროში საკმაოდ სოლიდური ადამიანები იყვნენ, ზოგი – ასაკოვანიც, საპასუხისმგებლო ადგილებზეც მუშაობენ, მაგრამ წამალდამოკიდებულნი არიან. ვცდილობ, მათთან ურთიერთობა აღარ მქონდეს. ახლა ძირითადად ნათესავებთან ვმეგობრობ.
– ანუ იმათთან, ნარკოტიკთან შეხება რომ არ აქვთ?
– არავინ გეტყვის, მოდი, გინდა თუ არა, გაიკეთეო. უბრალოდ, სასურველი არ არის, თვალი გაგექცეს. ვთქვათ, მოხვდი ასეთ სიტუაციაში და როცა უკვე გემოც იცი და გაკეთების საშუალებაც გაქვს, სერიოზული ცდუნების წინაშე დგები...
ახლა ყოველ დილით ვვარჯიშობ, ჯანსაღ ცხოვრებას დავუბრუნდი. ვმადლობ უფალს, რომ ეს უმძიმესი განსაცდელი დამაძლევინა! ვდარდობ დიმაზე და მისი ხსნისთვის
ვლოცულობ


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია