მისი სამსახური ქუჩაა. როგორც თავად ამბობს, ცხოვრებამ აიძულა, ეს "პროფესია" აერჩია, რათა თავის დროზე შვილები ერჩინა. საკუთარ თავს მეძავს არ უწოდებს. ამბობს, რომ ამ საქმიანობას ავხორცობის გამო არ ეწევა. მშობლები ადრეულ წლებში დაეღუპა. ნაშვილები იყო და ნათესავებმა უპატრონოდ დარჩენილი გოგონას მიმართ პასუხისმგებლობა აიცილეს. ქმარიც უვარგისი შეხვდა, გაშორდა და უმწეო ქალი ორი შვილის ამარა მარტო დატოვა. ქალი ბედის საძიებლად სოფლიდან თბილისში ჩამოვიდა. დიდ ქალაქში ვერც თანაგრძნობა ჰპოვა და ვერც სამსახურს გამოჰკრა ხელი. სასოწარკვეთილი ქუჩაში გავიდა და... პირველივე შემხვედრთან "გაუმართლა".
ჩვენს რესპონდენტს, 40 წელს გადაცილებულ ფერხორციან ქალბატონ კატოს, სრულიად შემთხვევით შევხვდი, როცა ის, როგორც დაქირავებული მოსამსახურე, ერთი ჩემი ახლობლის ბინას ალაგებდა. დროდადრო შესვენებას აკეთებდა, ყავას სვამდა, სიგარეტის წევით თავს იქცევდა და გვესაუბრებოდა. როდესაც ჩვენი სახით ყურადღებიანი მსმენელი ნახა, ბოლომდე გაიხსნა და თავისი ცხოვრების ისტორია გვიამბო.
კატო:
– მშობლები ადრეულ ასაკში დამეღუპნენ. სოფელში მამიდასთან ვცხოვრობდი. მეზობლის ბიძაშვილმა, 27 წლის გივიმ თვალი დამადგა და ერთ საღამოს მომიტაცა. ახლოს არ ვიკარებდი, მაგრამ დამაშინა, უკან რომ დაბრუნდე, სულ ერთია, ხმებს დაგიყრი, რომ ჩემთან ხარ ნაცხოვრები და თავი მოგეჭრებაო. იძულებული ვიყავი, დავრჩენილიყავი. გივის, სოფლის პირობაზე, შეძლებული ოჯახი ჰყავდა. მისმა დედამაც შვილივით მიმიღო (მამა გაცილებული იყო). ოჯახში დავრჩი, მაგრამ ჩემი ქმრისგან თვეების განმავლობაში თავი შორს მეკავა. გივი მაინც თავს მევლებოდა, ბოლოს თავისი სითბოთი და მზრუნველობით იმდენი ქნა, თავი შემაყვარა. ორი შვილი შეგვეძინა. დავქალდი. ქალურად მიმზიდველი, სექსუალური გავხდი. გივიმ ეჭვიანობა დაიწყო. სულ ჩემს დამცირებას ცდილობდა. ვერ იტანდა, თუ რომელიმე მამაკაცი შემომხედავდა. ვინმე რომ სუფრაზე ჩემს სადღეგრძელოს შესვამდა, შენს ქალობას გაუმარჯოსო, ლამის ჭიქას თავზე ამტვრევდა. ჩემს ლაღ და მხიარულ ბუნებასაც, რის გამოც თავიდან შევუყვარდი, ებრძოდა. ერთი სიტყვით, სახლში გამომკეტა.
დედამთილმა და გაუთხოვარმა მულმაც ამითვალწუნეს. სადღაც ალბათ ჩემი ხასიათის ბრალიც იყო – ძალიან პირდაპირი ვარ და ლაქუცი არ მჩვევია. ასეთი საქციელი ადამიანებს აღიზიანებთ. საბოლოოდ ქმართან ურთიერთობა გამიცივდა. როცა ნაქეიფარი შინ ბრუნდებოდა, ამიხირდებოდა ხოლმე და ჩვენი ჩხუბი ფიზიკური შეხლაშემოხლით მთავრდებოდა. პირზე ერთთავად ეკერა სიტყვა "ბოზი". სხვა "კომპლიმენტი" ჩემთვის აღარ ემეტებოდა.
– ოჯახი ისე დატოვეთ, რომ ქმართან ურთიერთობის დარეგულირება არ გიცდიათ?
– ოჯახი მე არ დამიტოვებია, თვითონ მაიძულა. როდესაც გცემენ, სურვილიც აღარ გაქვს, ურთიერთობა მოაგვარო. ერთ დღეს გივიმ გამომიცხადა, ცოლს ვირთავ და უნდა გაგეყაროო. ირთავდა იმ ქალს, ვისთანაც ჩემთან "არეულობის" წლებში დადიოდა. მამამისის კვალზე წავიდა. იმ კაცმაც ქალის გამო დატოვა ოჯახი. წასასვლელი არსად მქონდა. მამაჩემის სახლი უპატრონობის და მოუვლელობის გამო ჩამოინგრა. მამიდასთან ვერ დავბრუნდებოდი, ვინაიდან ნათესავებისგან შევიტყვე, რომ თურმე თავის დროზე სწორედ მან შეუწყო ხელი გივის ჩემს მოტაცებაში, მის საპატრონებელი რომ არ ვყოფილიყავი. ნაშვილები რომ ვიყავი, ნათესავები თავიანთ მარაქაში არ მრევდნენ.
გივიმ არც აცია, არც აცხელა და ის ქალი სახლში დამისვა. როგორია ყოფილი ცოლისთვის ამის ყურება! დედამთილმა მითხრა, ნუ იტანჯები, ადექი და წადი, ბავშვებს მე დავიტოვებო. ბავშვებს ვერ დავთმობდი. წილი მოვითხოვე, მაგრამ კუდით ქვა მასროლინეს, სახლი მამაპაპისეულია და ან აქ გამოყოფილ ფართს დასჯერდი, ან არადა აქედან წაბრძანდიო. თურმე იურიდიულადაც ამის უფლება არ მქონია. გოგონა წამოვიყვანე და თბილისში წამოვედი. ბიჭი დროებით დავტოვე, საქმეს ავაწყობ და მერე წავიყვან–მეთქი.
– თბილისში ვის იმედად წამოხვედით?
– ბავშვობის მეგობარი მყავდა, ლევანი, ერთად გავიზარდეთ. თბილისში ცხოვრობდა, თანამდებობა ჰქონდა და ვიფიქრე, სამსახურის შოვნაში დამეხმარება–მეთქი. იმ ღამეს წასასვლელიც არსად მქონდა. ბავშვთან ერთად მივადექი. ვიფიქრე, ეგებ ერთი ღამე გამათევინოს და მეორე დღეს ბინას ვიქირავებ–მეთქი. ცოტაოდენი დანაზოგი მქონდა. კარი მისმა ცოლმა გამიღო. რომ გამოვეცნაურე, ბავშვს ზედ არ შეხედა, მე ცხვირი ამიბზუა და გვერდით ოთახში შევიდა. არც შემიპატიჟა. თხუთმეტი წუთი ვიდექი ასე ჩანთით და ბავშვით ხელში და ვერ გადავწყვიტე, წავსულიყავი თუ არა. მერე იმავე ოთახიდან ლევანი გამოვიდა, სასადილო ოთახში შემიძღვა, გამომელაპარაკა. მაგიდაზე სოლიდური თანხა დამიდო და მომიბოდიშა, აქ ვერ დაგტოვებ, ეგებ კერძო დასახლებაში ბინა იქირაოო. ფულს ზედაც არ შევხედე, შეურაცხყოფილმა დავტოვე მისი სახლი და თვალცრემლიანმა კერძო დასახლებას მივაშურე. ერთი საცოდავი, პატარა ოთახი ვიქირავე, მოვხეხე, მოვასუფთავე და საცხოვრებელს დავამსგავსე.
იმ ოჯახს სხვა მდგმურებიც ჰყავდა. გვერდით ოთახში ერთი მადლიანი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, დეიდა ტასო და ის იტოვებდა ხოლმე ჩემს ანანოს. მე დილიდანვე სამსახურის საძიებლად გავდიოდი, მაგრამ უშედეგოდ. ვისაც კი მივადგებოდი, ქალების თვალებში შურს ვგრ–ძნობდი, კაცები კი მხოლოდ მუშტრის თვალით მიყურებდნენ. დანაზოგიც შემომელია, შინ მშიერი ბავშვი მელოდებოდა, არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. ერთ საღამოს ტირილით მივუყვებოდი სანაპიროს. მოულოდნელად უცხო მანქანამ გამიჩერა, საჭესთან ორმოცდაათამდე წლის მამაკაცი იჯდა, ძია ნიკოთი გამეცნო. არ ვიცი, რატომ ვენდე, ალბათ მისი მზრუნველი და სანდომიანი ქცევის გამო ან იქნებ სხვა გზა არ მქონდა და იმიტომ. კაფეში შემიყვანა, დამაპურა, გამესაუბრა, ჯიბეში ასდოლარიანი ჩამიდო, თავისი მისამართი და ტელეფონი ჩამაწერინა, იქნებ დაგჭირდესო და სახლში გამომიშვა. ეს ფული მოზომილად გამოვიყენე და, როცა შემომელია, გავბედე და ისევ ძია ნიკოს მივმართე, აკი ნებართვაც მომცა. ასე უანგაროდ დამეხმარა რამდენჯერმე. შემდეგ მისი საყვარელი გავხდი. მალე ჩემი იდილიური ყოფა დაირღვა, "ძია ნიკო" კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნება აღმოჩნდა, თურმე პოლიციისგან დევნილი იყო და ერთ მშვენიერ დღეს, როცა მის სახლს მივადექი, იქ აღარ დამხვდა. მისი კვალი სამუდამოდ დავკარგე.
მერე ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე სანაპიროზე იმავე ადგილს, სადაც ის გავიცანი. მანქანები ხშირად მიჩერებდნენ, ფულზე მითანხმდებოდნენ. ძია ნიკოსნაირი დიდსულოვანი არც ერთი იყო, იხდიდნენ იმის საფასურს, რასაც იღებდნენ. სხვათა შორის, ერთ რამეს დავაკვირდი: რაც უფრო მდიდარია კაცი, მით მეტად წუწურაქია.
– როცა იგრძენით, რომ მეძავობის წუმპეში ეშვებოდით, ამ ბარიერის გადალახვა არ გაგიჭირდათ? ვხედავ, რომ შინაგანად პატიოსანი ხართ.
– თავიდან ამ საქმის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მერე შევეგუე. ადამიანი შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტ, მერე უკვე აღარაფერი გეჩვენება პრობლემად, თუმცა მაინც ვერიდები, ჩემს საქმიანობას აშკარა სახე მივცე. შეიძლება ვიღაცამ საახლობლოში ჩემი ასეთი ცხოვრების შესახებ იცის კიდეც, მაგრამ ამ თემაზე საუბარს გაურბიან. რაც მთავარია, შვილებმა არ იციან. ავხორცი ქალი არ გეგონოთ. თუ ხანდახან ბინის დასალაგებლად დამიქირავებენ, მაშინ ამ სამუშაოს პატიოსნად ვასრულებ, მაგრამ მუდმივი და სტაბილური არაფერია... ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც პატიოსანი ვარ.
– უკაცრავად, მაგრამ თქვენი საქმიანობის ქალისთვის ალბათ უცნაურია პატიოსნების შენარჩუნებაზე ლაპარაკი.
– ერთ ამბავს გეტყვით. ერთ ახალგაზრდა ცოლ–ქმართან ვიდექი შინამოსამსახურედ. უზომოდ მიყვარს სისუფთავე და საქმეც მეხერხება. ოჯახის დიასახლისს, ხათუნას დავუახლოვდი. მისი ქმარი ზაზაც კარგი ბიჭი იყო. ზაფხულში ქმარმა ცოლი დასასვენებლად დაუშვა და ერთ საღამოს დამირეკა, პერანგები მაქვს ხვალისთვის დასაუთოებელი, თუ შეგიძლია, მომეხმარეო. რა თქმა უნდა, მაშინვე მივედი. ზაზა შინ მარტო იყო, ნასვამი ჩანდა, დამშეულივით მიყურებდა, მერე ჩემთან ურთიერთობა მოინდომა, ძლივს მოვიშორე, გავლანძღე, შევარცხვინე, ახლავე ხათუნას დავურეკავ და ვეტყვი–მეთქი. ბოლოს შემეშვა. ხათუნას ვუთხარი, ახალგაზრდა კაცს მარტო ნუ დატოვებ, ეცადე, თან წაიყვანო–მეთქი. ამ სიტუაციის შემდეგ მათ ოჯახში მუშაობა გამიჭირდა და წამოვედი. ჩემს ადგილას სხვა ქალი სიტუაციას გამოიყენებდა – ზაზა ფულიანი კაცი იყო, ცოლთანაც ფრთხილად იქნებოდა, ამ საქმეს საიდუმლოდ შეინახავდა და მეც ფინანსურად უზრუნველმყოფდა.
– კი მაგრამ, თქვენს კლიენტებს შორის მხოლოდ უცოლო მამაკაცები არიან? ცოლიანი კაცების ოჯახების მიმართ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ცოლიანები უფრო ნადირობენ, ვიდრე უცოლოები. როცა ცოლს სადმე გაისტუმრებენ, სახლში ქუჩიდან ერთჯერადი ქალები აჰყავთ და პირდაპირ ცოლის სარეცელზე ანებივრებენ. მეზიზღება ასეთი კაცები! სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა მეც მქონია, მაგრამ ცოლ–ქმრის ლოგინს არასდროს გავკარებივარ. მე უფრო ვერიდები, იმ ქალებს შეურაცხყოფა მივაყენო, ვიდრე მათი ქმრები. ზოგჯერ ისეც მომხდარა, კაცი დამითვრია, დამიძინებია და მეორე დღეს ჩემი მომსახურების ფული მომითხოვია.
– ასეთი ბრიყვებიც არიან? ცოტა გულუბრყვილო შეკითხვაა, მაგრამ კაცის ასეთი მოტყუებისთვის სინდისს არ შეუწუხებიხართ?
– კაცი რომ გაილეშება, ჭკუა არ მოეკითხება. გარდა ამისა, ვერ ვიტან ისეთ კაცებს, ერთ ღამეზე რომ გითანხმდებიან. მათთან გასართობი თოჯინა უნდა ითამაშო, იმასხრო, "იტანცაო", სტრიპტიზი ჩაუტარო და ყველა ახირება აუსრულო. საკუთარი ჭიის გასახარად მზად არიან, სოლიდური თანხა გადაიხადონ, ამ დროს კი ცოლ–შვილს ელემენტარულზე აწრუწუნებენ. ასეთი კაცი რომ "მოვწველო", არ მენანება.
– ცხოვრების წესის შეცვლა არ გიცდიათ?
– მაგ საკითხზე ხშირად ვფიქრობ, საკუთარ თავთან მუდმივ ბრძოლებში ვარ. ასაკთან ერთად სინანულიც მიპყრობს, ალბათ დადგება დრო, როცა მოძღვართან მოვინანიებ... ადამიანმა ჭაობში არ უნდა შეტოპო, თორემ იქიდან ამოსვლა არც ისე იოლია.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია