ყოველთვის პოპულარულ გოგოდ ვითვლებოდი, მუდამ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა – ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები, მე კი სხვა შემიყვარდა, გარეგნობითაც ჩემზე გაცილებით ნაკლები და არც ძალიან მდიდარი. ჩემს დაქალებს უკვირდათ, რა ნახე მაგ ბიჭში ასეთი, რამ გადაგრიაო, მაგრამ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და ამიტომაც შემიყვარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი და პოპულარული ვიყავი (წესით, უნდა გახარებოდა კიდეც, რომ ჩემნაირ გოგოს მოეწონა), ყურადღებასაც არ მაქცევდა, ისე იქცეოდა, ხანდახან მიფიქრია კიდეც, მგონი, საერთოდ ვერ აღმიქვამს ქალად-მეთქი. მე კი მაინც მიყვარდა. მე კი არა, ყველას უყვარდა, ვინც კი იცნობდა.
გაცნობისთანავე დავმეგობრდით და მაშინვე შემიყვარდა, მაგრამ ვერ ვუმხელდი. მან კი ცოტა ხანში თავისი შეყვარებული გამაცნო. კინაღამ შევიშალე, ლამის გული წამივიდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე მკითხა, თამუნა თუ მოგეწონაო. მეც ვუთხარი, ძალიან მომეწონა-მეთქი. ძალიან გაუხარდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გარეგნულად იდეალური მეგობრები ვიყავით, მაგრამ მე ის გავაღმერთე და ახლაც ღმერთივით მიყვარს. არ ვამხელდი ჩემს გრძნობას, თუმცა, იმედს არ ვკარგავდი, რომ ერთ დღესაც სასწაული მოხდებოდა... მაგრამ, სასწაული არ მოხდა – მან თამუნა ცოლად შეირთო და ძალიან ბედნიერები იყვნენ. რა თქმა უნდა, ქორწილში დამპატიჟა, მაგრამ არ წავედი – ვერ შევძელი. მთელი თვე საშინელი დეპრესია მქონდა. მერე სამსახურმა, ყოველდღიურმა ყოფამ თავისი გაიტანა – ნელ-ნელა გამიარა დეპრესიამ. მას იშვიათად ვეკონტაქტებოდი, მათთან სახლში კი არ მივდიოდი.
ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ უაზროდ და უმიზნოდ ვცხოვრობდი, გათხოვება კი არ მინდოდა, არც კი ვფიქრობდი ამაზე. ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ სხვა კაცი ჩემ გვერდით ვერც კი წარმომედგინა. ბევრი ფიქრის შემდეგ ძალიან ცუდი რამ გადავწყვიტე. შეიძლება, რაც მე განვახორციელე, ამაზრზენია, მაგრამ, მთლად დამნაშავეც არ ვიყავი, რადგან ზვიადი წინასწარი განზრახვით და გამიზნულად არ შემყვარებია. ჩემი სიყვარული ვერც მისმა დაოჯახებამ და ვერც დრომ ვერ გააფერმკრთალა.
მე უკვე 25 წლის ვიყავი. შეიძლება, ეს ის ასაკი არ არის, რომ ქალმა ოჯახის შექმნის იმედი დაკარგოს, მაგრამ მე გათხოვებაზე არ ვფიქრობდი. თუმცა, საშინლად მომინდა, მყოლოდა შვილი, თანაც – ზვიადისგან.
ერთ დღესაც, დავურეკე გაგას და შეხვედრა ვთხოვე. გაუკვირდა, სად დაიკარგეო. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე დამთანხმდა. მოვიდა თუ არა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შევთავაზე საყვარლობა. ცხადია, არ ელოდა და გაუკვირდა – რამ გაგაგიჟაო. აღარ დაგღლით იმის მოყოლით, როგორ დავითანხმე ცოლზე შეყვარებული კაცი საყვარლობაზე. პარალელურად ექიმთან დავდიოდი და გაგას ძირითადად დასაფეხმძიმებლად ხელსაყრელ დღეებში ვხვდებოდი. ჩვენი ურთიერთობა სამ თვეს გაგრძელდა. მივხვდი, რომ სამუდამოდ დავკარგე მისი პატივისცემა, როცა დავრწმუნდი, რომ უკვე ვაღიზიანებდი, ჩამოვშორდი, თანაც, რაც მთავარია, მიზანი მიღწეული იყო. ბოლო პაემანზე ყველაფერში გამოვუტყდი. კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ მე დავამშვიდე, რომ არც მე და არც ჩემს შვილს შენგან არაფერი გვინდა-მეთქი. ერთი სიტყვით, საკმაოდ უსიამოვნოდ დავშორდით.
ახლა 3 თვის კუკას ვზრდი. მადლობა უფალს, რომ ჯანმრთელი შვილი მაჩუქა. მალე საბერძნეთში მივდივარ ბიძაშვილთან და ბავშვიც თან მიმყავს, იქ გავზრდი.
ვაცნობიერებ ჩემ მიერ ჩადენილ ცოდვას, ვიცი, ამ საქციელს არც რელიგიურად და არც მორალურად არ აქვს გამართლება, მაგრამ თავს მოვერიე. ვიცი, საშინლად მოვიქეცი, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა ცხოვრების მიზანი მაქვს.
ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდოთ ეს ჩემი აღსარება. ვიცი, ზვიადი წაიკითხავს და მას მივმართავ:
– ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მე შენ მთელი ცხოვრება მეყვარები და გახსოვდეს, რომ არასდროს შეგიქმნი პრობლემებს. უფალი გფარავდეს! მინდა, იცოდე, რომ მუდამ ვილოცებთ შენთვის და შენი ბედნიერებისთვის. მშვიდობით სამუდამოდ!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია