იმას, რასაც ახლა ვწერ, ვერავის ვეტყვი. ისე ჩავალ საფლავში, რომ ჩემს ტკივილს ვერავის გავუმხელ. 40 წლის ვარ, ქმარი და ორი შვილი მყავს. ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარს, მაგრამ წარსულში განცდილი გრძნობები მოსვენებას არ მაძლევს. ზუსტად 16 წელი ვცდილობდი, წარსული დამევიწყებინა. ის გრძნობა გამეყუჩებინა, რაც ერთი ადამიანის მიმართ მქონდა, მაგრამ...
ჩვენი გზები 16 წლის შემდეგ ისევ გადაიკვეთა. რას არ მივცემდი, რომ ეს არასოდეს მომხდარიყო, მაგრამ მოხდა და ვერაფერს შევცვლი. თავიდან ამეშალა ფიქრები, გრძნობები... 13 წელია, ხელში კალამი არ ამიღია და არაფერი დამიწერია, მაგრამ ახლა ისევ დავიწყე ლექსების წერა. რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი პოეზიის შედევრი არ არის, მაგრამ ჩემი გულიდან წამოსული ტკივილია. ვწერ და მერე ხმამაღლა ვკითხულობ. ჩემი გრძნობების შესახებ ვერავის ვუყვები, ამიტომ მათ ლექსებში ობობას ქსელივით ვქსოვ და თან ვდარაჯობ, რომ იქიდან არასოდეს გამოაღწიოს, ანუ სხვამ ვერასოდეს ნახოს. ამ წერილსაც იმიტომ ვწერ, რომ გრძნობებისგან დავიცალო და სხვასთან გულის გადაშლა აღარ დამჭირდეს.
მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი მიყვარს. ჩვენ შორის უზარმაზარი, საოცრად რომანტიკული სიყვარული იყო. უყვარდა, როცა რაღაცით აღმაფრთოვანებდა. დღეებს და ზოგჯერ ღამეებსაც ერთად ვატარებდით. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ოდესმე ერთმანეთს თუ დავშორდებოდით, მაგრამ ერთად ყოფნა არ გვეწერა...
ამ გადასახედიდან ჩვენი დაშორების მთავარი მიზეზი მე ვიყავი. ერთმა მეგობარმა ენა მომიტანა, შენი შეყვარებული მეძავთან გღალატობსო. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, შეყვარებულს პასუხი მოვთხოვე. გულში იმედი მქონდა, რომ ყველაფერს უარყოფდა, სიმართლეს ტყუილად გაასაღებდა. მეც მზად ვიყავი, რომ ტყუილი დამეჯერებინა, მაგრამ მან მწარე სიმართლე პირში მომახალა. ამიხსნა, ეს უბრალო, ერთღამიანი გატაცება იყო და ნამდვილ გრძნობასთან საერთო არაფერი ჰქონდაო. იმ დღეს დავშორდი. მერე ვიღაცეებმა ისევ ენები მომიტანეს. ერთ ამბავს, მეორე დაემატა, მერე – მესამე... ამასობაში გამოჩნდა ჩემი მომავალი მეუღლე და მას ცოლად გავყევი.
მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. შეყვარებულის პატიება მიჭირდა, მასზე საშინლად ვბრაზობდი. ისიც მაცოფებდა, რომ ჩემს დასაბრუნებლად თითს არ ანძრევდა. მაგრძნობინებდა, რომ შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი მე უნდა გადამედგა. მისი ჯიბრით სხვა კაცზე გავთხოვდი. იმ დროს მხოლოდ შურისძიებაზე ვფიქრობდი.
ჩვენი გზები გაიყარა და მას შემდეგ ერთმანეთს არასოდეს შევხვედრივართ. მე რაიონიდან თბილისში გავთხოვდი. ის რაიონში დარჩა. თითქოს ყველაფერი თავისი გზით წავიდა, ემოციები თანდათან ჩაცხრა. მასზე სულ უფრო და უფრო იშვიათად ვფიქრობდი. ერთი წლის წინ კი ყველაფერი თავიდან დაიწყო. ერთ დღეს ჩემი ქმარი მოვიდა და მითხრა, ჩვენ ქვემოთ ბინა გაიყიდა, ახალი პატრონები შენი რაიონიდან არიანო. გამიხარდა, ვუთხარი, შეიძლება ნაცნობებიც აღმოჩნდნენ–მეთქი. სამწუხაროდ, ენამ მიყივლა. ახალი მობინადრეები ჩემი ყოფილი შეყვარებული და მისი ცოლ–შვილი აღმოჩნდნენ!
ერთ დღეს ქმარმა მითხრა, ახალი მოსახლეები თავიანთ ბინაში რაღაცეების შეცვლას აპირებენ და ჩვენი რემონტი აინტერესებთ, თუ ამოვლენ, კარი გაუღე და სახლი დაათვალიერებინეო. ჩვენი ავტოფარეხები გვერდიგვერდ დგას. ამიტომ მისი გაცნობა და დაახლოებთ მეუღლემ ჩემზე ადრე მოახერხა. ის ჩვენი ბინის სანახავად ცოლთან ერთად ამოვიდა. კარი რომ გავაღე, გავშრი. ისიც შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია. ცოლმა ბოდიშების მოხდა დაიწყო, მგონი, ცუდ დროს მოვედითო. მე სამზარეულოში სასწრაფო საქმე მოვიმიზეზე და შვილს ვთხოვე, ყველაფერი აჩვენე–მეთქი. ასე მეგონა, გული გამისკდებოდა. ის დრო, რაც ჩვენთან იყვნენ, საუკუნედ მომეჩვენა. ვნატრობდი, მალე წასულიყვნენ. სინამდვილეში ჩვენთან 5 წუთიც არ ყოფილან. შვილმა მითხრა, რა უცნაური კაცია, ცოლს წესიერად არაფერი აჩვენა ან საერთოდ რისთვის ამოიყვანაო.
ჩემი ქმარი ისეთი კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარეა, რომ მასთან დაახლოება არ გასჭირვებია. ერთ დღეს კი სახლშიც დამიპატიჟა. რა უნდა მეთქვა, სიმართლეს ხომ ვერ ვეტყოდი?! თამაში დამჭირდა. ვითომ მაშინ მივხვდი სინამდვილეში, ვინც იყო. ორივემ ისე დავიჭირეთ თავი, თითქოს საერთო ნაცნობების გარდა, ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებდა...
ერთი წელია, ჩემს თავს არ ვეკუთვნი. ძველი სიყვარული განმიახლდა. რამდენჯერმე ხელზე ოდნავ შემეხო, მე კი პატარა გოგოსავით ავთრთოლდი. არაფერს მეუბნება, მაგრამ ვიცი, რომ იმავეს გრძნობს. როცა შეყვარებულები ვიყავით, ჩემს სახელს უკუღმა ამბობდა. მე ეს ძალიან მსიამოვნებდა. თავის გოგონას ზუსტად იმ სახელს ეძახის. ჩემმა მშობლებმა მისი გადმოსვლის ამბავი რომ გაიგეს, არ ესიამოვნათ. გაბრაზებულმა ვუთხარი, ხომ არ გაგიჟდით, რა სისულელეებზე ფიქრობთ–მეთქი.
ზაფხულში დასასვენებლად წავედი. ვფიქრობდი, იქნებ განშორებამ ძველი გრძნობები ჩამიკლას–მეთქი. შევცდი. სიგიჟემდე მომენატრა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე... ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი – ოჯახს არასოდეს ვუღალატებ!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია