13 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ჩემი მეუღლე 20 წლის იყო. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. ქმარი უზომოდ მიყვარდა. სანამ ცოლად მომიყვანდა, სულ უკან დამსდევდა. ის სხვა ქალაქში ცხოვრობდა, მე თბილისში ვსწავლობდი და ხშირად მაკითხავდა. თავისი ყურადღებით თავი შემაყვარა. მასზე ყველა ცუდს მეუბნებოდა, მარიგებდნენ, რომ მასზე არ მეფიქრა. ყველა წინააღმდეგი იყო, რომ რაიმე ურთიერთობა გვქონოდა, მაგრამ არავის დავუჯერე. ვერ წარმომედგინა, რომ ის, რასაც მეუბნებოდნენ, შეიძლებოდა, სინამდვილე ყოფილიყო და ყველაფერი წინ დამხვედროდა.
დედისერთა ვარ და ჩემი ნაბიჯით ოჯახი მიწასთან გავასწორე. მისი სიყვარულის გამო ბევრი ვიბრძოლე და მასთან ერთად ოჯახი შევქმენი. გათხოვებიდან ძალიან მალე გავიგე, რომ ჩემი ქმარი ნარკოტიკებს ეტანებოდა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ბევრ შეურაცხყოფას მაყენებდა, მცემდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარდა, ბევრი ვიბრძოლე, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა. ამ ბრძოლაში 5 წელი გავიდა. ბავშვი არ გვეყოლა. ნერვიულობისგან ღამეები არ მეძინა...
შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე. არ მინდოდა, უსწავლელი დავრჩენილიყავი. თან ვიფიქრე, გულსაც გადავაყოლებ–მეთქი. ქმარს წინააღმდეგობა არ გაუწევია. უნივერსიტეტში ისე დავდიოდი, მხოლოდ ერთხელ მომაკითხა, ისიც დედამისმა ძალით გამოაგდო. სახლში დაძინებულს ვტოვებდი და რომ ვბრუნდებოდი, ისევ ეძინა. ქმრის ოჯახი ხელს მიწყობდა, მამამთილს ყველგან დავყავდი, მაგრამ ბოლოს დედამთილი აგრესიული გახდა, სულ მეჩხუბებოდა.
მშობლებს ყველაფერს ვუმალავდი, რადგან ჩემი არჩევანი ასეთი იყო და არ მინდოდა, მათ გული სტკენოდათ. რომ იტყვიან, ქმარმა ლამის შემიწირა. რამდენჯერმე დაიჭირეს, ყოველთვის გვერდით ვედექი, არ მიმიტოვებია. ბევრჯერ მიფიქრია, მივატოვებ–მეთქი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვძლებდი. ის კი ამით სარგებლობდა და უარესს აკეთებდა.
ერთ დღეს სახლში რომ მივედი, საშინელ მდგომარეობაში დამხვდა. ვიჩხუბეთ და სახლიდან წამოვედი. უკვე 5 თვეა, რაც მას დავშორდი. მთელი ოჯახი მთხოვს, მეხვეწება, რომ დავუბრუნდე, მაგრამ მისი აღარ მჯერა. ბევრჯერ მომატყუა, იმედი უამრავჯერ გამიცრუა. ვერანაირმა მკურნალობამ ვერ გამოასწორა.
მე 19 წლის ვარ. მინდა, ლამაზი ცხოვრება ავიწყო, მშობლები გვერდით მიდგანან, ამიტომ მის წუთიერ სიამოვნებას თავს ვერ შევწირავ. მინდა, ყველას ვურჩიო, რომ ოჯახი ადრეულ ასაკში არ შექმნან. იცხოვრონ ლაღად და ბედნიერად. ნაადრევად ოჯახის უღელში ნუ შეებმებიან!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია