არაფერს ვაშავებ, მაგრამ დანაშაულის გრძნობა მაინც არ მასვენებს. ჩემი დანაშაული კი ის არის, რომ მიყვარს ადამიანი, რომელიც მამაჩემზე 3 წლით უმცროსია. თავადაც არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ დავინახე თუ არა, მაშინვე უცნაური გრძნობა დამეუფლა. ვიგრძენი, რომ ჩემ წინ ჩვეულებრივი ადამიანი არ იდგა. შეიძლება ის ვინმესთვის სრულიად ჩვეულებრივია, მაგრამ ჩემთვის – არა. ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრებაა. მისთვის სიცოცხლესაც კი დავთმობ!
ის ჩემი დაქალის სახლში გავიცანი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დაქალის მამის მეგობარია. მე და დაქალი ერთად დავდივართ ერთ–ერთ სამოდელო სააგენტოში. ერთ დღეს მასთან სახლში მივედი. მალე მამამისიც მოვიდა. თან მეგობარიც ახლდა. დაქალს მაშინვე ჩავჩურჩულე, ძალიან სიმპათიურია–მეთქი. მართლა თვალი გამიშტერდა, იმდენად კარგად გამოიყურებოდა. თვითონ არ უყვარს, როცა ეუბნებიან, ლამაზი ხარო. ამბობს, კაცისთვის ეს ქათინაური არ არისო, მაგრამ მართლაც ძალიან ლამაზია.
ჩემი მეგობრის დედამ სუფრა გაშალა. საჭმელად რომ დასხდნენ, მამამისმა დაიძახა, ჩვენი მოდელებიც მოვიდნენ, ერთად ვჭამოთო. სუფრასთან რომ მივედი, ისეთი თვალებით შემომხედა, დავიბენი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ერთი სული მქონდა, როდის ავდგებოდი და წავიდოდი. წასვლაც დავაპირე, მაგრამ დაქალის მამამ შემაჩერა, მითხრა, ჩემი მეგობარი მანქანით არის და სახლამდე გაგიყვანსო. სხვა გზა არ მქონდა, დავთანხმდი.
სახლამდე მართლაც მან მიმიყვანა. გზაში სულ რაღაცაზე მელაპარაკებოდა. თავისი საუბრითაც მომხიბლა. ჩემს თანატოლ ბიჭებს არ ჰგავდა, რომლებიც ყოველთვის უაზრო თემებზე ლაპარაკობენ. მანქანა სადარბაზოსთან გამიჩერა, მითხრა, საღამოა, ამიტომ მეშინია, ლიფტში ან კიბეებზე ვინმემ არ შეგაშინოს, ჩაბარებული ბავშვი ხარ და პასუხს ვაგებო. ტელეფონის ნომერი გამომართვა. დაგირეკავ და გავიგებ, როგორ ხარო. კიბეები ავირბინე. გული ისედაც საგულეში არ მქონდა და სირბილისგან საერთოდ ვეღარ ვსუნთქავდი. ორ წუთში დამირეკა, მე ისევ სადარბაზოსთან ვდგავარ, მიხვედი თუ არაო. ვუთხარი, კარზე უკვე ზარს ვრეკავ–მეთქი. გაგიჟდა, რა ხმა გაქვს, რატომ ირბინეო. იმ საღამოს ისევ დამირეკა. მკითხა, დამშვიდდიო. გამეხუმრა, სირბილით რატომ მოიკალი თავიო.
ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო და ძალიან დიდ სიყვარულში გადაიზარდა. თავიდან ერთმანეთს კომპიუტერისა და ტელეფონის საშუალებით ვეკონტაქტებოდით. შემდეგ კი ვხვდებოდი კიდეც. ერთ დღესაც რომ ვერ ვნახო, ცუდად ვარ, მის გარეშე ვერ ვძლებ, ძალიან მიყვარს! მასაც სიგიჟემდე ვუყვარვარ. მეუბნება, ცოლად გამომყევიო. ამ ნაბიჯს ვერ ვდგამ, რადგან ჩემების ძალიან მეშინია. მინდა, რომ სრულწლოვანი გავხდე, რადგან მშობლები მემუქრებიან, თუ ცოლად გაჰყვები, ვუჩივლებთ, რომ არასრულწლოვანთან დაიჭირა კავშირი, ციხეში ჩავსვამთ და მერე "პერედაჩებზე" ირბინეო. მეშინია, ჩემ გამო ცუდ დღეში არ ჩავარდეს. თავს ამიტომ ვიკავებ, თორემ მისი ცოლი დღესვე გავხდებოდი. თვითონ მამშვიდებს, ნუ გეშინია, სისულელეს გეუბნებიანო, მაგრამ ვიცი, რომ მამა ამის გამკეთებელია. მას ბევრი გავლენიანი მეგობარი ჰყავს და არ შემარჩენს ასეთ ნაბიჯს.
თავიდან მშობლებს ვუმალავდი, რომ ეს ადამიანი მიყვარდა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი გაიგეს. პირველად დაქალის მამამ გაიგო. მანქანაში ერთად გვნახა. მეგობარს ჰკითხა, რა ხდება, ჩემი შვილის მეგობართან რა გინდაო. დამალვას აზრი არ ჰქონდა. უთხრა, ერთმანეთი გვიყვარსო. დაქალის მამა გადაირია, ჩემი შვილის ტოლი და თანაც მისი მეგობარი როგორ შეიყვარე, შენ სახლში შემოსაშვები კაცი არ ყოფილხარო. სერიოზულად იჩხუბეს, ერთმანეთს ხელითაც შეეხენ. კიდევ კარგი, სხვებმა გააშველეს. იმ დღეს ჩემს მშობლებს დაურეკა და უთხრა, თქვენს შვილს მიხედეთ, მერე მე არ დამაბრალოთ, რატომ არ გაგვაფრთხილეო.
მამამ საშინელ დღეში ჩამაგდო. ისეთი სიტყვები მეძახა, უკანასკნელ ქუჩის ქალსაც რომ არ ეტყვიან. ასეთი გაბრაზებული არასოდეს მინახავს. იმ დღის შემდეგ შეყვარებულს იშვიათად ვნახულობ. ძირითადად ტელეფონით ვეკონტაქტები. ის მეუბნება, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, ცოლად უნდა გამომყვეო. მე კი უარს ვეუბნები. ვუხსნი, რომ ასე მის გამო ვიქცევი, რადგან არ მინდა, ციხეში აღმოჩნდეს. მას მამაჩემის მუქარის არ სჯერა და მეხვეწება, ცოლად გავყვე. ძალიან ცუდ დღეში ვარ. "სარკის" მკითხველებს ვთხოვ, გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარონ.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია