"არიან ადამიანები, რომლებიც აზროვნებით და ჰაბიტუსით მარადიულ გაზაფხულს, სიყვარულს ასხივებენ. ისინი შეხვედრისას გრძნობენ ერთმანეთს, ერთმანეთის გვერდით ყოფნის საჭიროებასაც ცნობენ. ეს ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, ერთმანეთის წინსვლასა და ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ ზოგჯერ ჯიუტად არ აღიარებენ ამას, საკუთარ თავთანაც კი. დრო კი გარბის, ის ჩვენ არ გველოდება..." – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, პროფესიით ფილოლოგი, 60 წელს მიტანებული, სიმპათიური, ახალგაზრდული იერის მქონე ქალბატონი ნუცა. ის თავისი დიდი, ამაღლებული და თავისებურად სევდიანი სიყვარულის ისტორიას გვიამბობს იმ ახალგაზრდების საყურადღებოდ, რომლებიც სათანადოდ ვერ აფასებენ დროს და ძვირფას ადამიანთან განგებისგან ბოძებულ ყოფნის შანსს ხელიდან უშვებენ.
ნუცა:
– ბათუ სკოლის პერიოდში გავიცანი. დედამისი ჩვენი კლასის დამრიგებელი იყო. მეოთხე კლასში ვიყავით, როცა ჩემ გვერდით მიუჩინა ადგილი. ორივენი სანაქებო მოსწავლეებად ვითვლებოდით. მე და ბათუმ ერთმანეთი ისე შევისისხლხორცეთ, რომ სკოლის დამთავრებამდე კვლავ ერთად ვისხედით. თითქოს უფალმა განსაზღვრა მის გვერდით ჩემი ადგილი.
ბათუ ლამაზი, ამაყი, ღირსებით სავსე ბიჭი იყო, რომ იტყვიან, თავზე ბუზს არ აიფრენდა. ერთმანეთს საოცრად ვუგებდით. შეეძლო, ჩემს თვალებში ფიქრი ამოეკითხა. მაშინ ამ გრძნობას სახელს ვერ ვარქმევდი, საუკეთესო მეგობრად მიმაჩნდა. ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობას ყველა გრძნობდა და აღიარებდა. არასდროს ერთმანეთთან პირად საკითხებზე არ გვისაუბრია, ვმსჯელობდით წიგნებზე, ფილმებზე, კულტურაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე – ყველა იმ თემაზე, რამაც შეიძლება მოაზროვნე ახალგაზრდა დააინტერესოს.
ბათუ, შეიძლება ითქვას, მთელ სკოლაში ჩემი დამცველი იყო. პრინციპში, ჩემთვის ზედმეტი არავის უკადრებია, მაგრამ მას მცველის სახით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი. ეს სუსტი გოგოსთვის დიდი იმედია. ქალიშვილობის პერიოდში ბევრი ბიჭი ამჟღავნებდა ჩემდამი სიმპათიას და ბათუსგან მათ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვგრძნობდი. როცა საუბარი მათ ეხებოდა, საოცრად ცივი ხდებოდა, შეიძლება ითქვას, ცინიკურიც. მათთან სერიოზული კონფლიქტებიც მოსვლია, ზოგჯერ ჩემ გამოც, მაგრამ ამას ისე შენიღბულად აკეთებდა, მოტივაციას ვერ მიხვდებოდი. ვგრძნობდი, როგორ აკვირდებოდა ჩემს რეაქციას.
საკუთარი თავის ფასი იცოდე, არც ერთი მათგანი ღირს შენი ცრემლების ფასადო, მითხრა ერთხელ, როცა ერთმა ჩემმა რჩეულმა ბიჭმა გული მატკინა. ცნობისმოყვარე გოგონები დაჟინებით მარწმუნებდნენ, რომ ბათუს ვუყვარდი. მათთვის ფაქტად ისიც კმაროდა, რომ ზოგადად ქალთა სქესისადმი ცინიკურად განწყობილი ჩემ მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას ამჟღავნებდა.
– როდემდე გაგრძელდა ამ სახით თქვენი ურთიერთობა?
– ასე დავამთავრეთ სკოლა. მოხდა ისე, რომ ერთი ჩემი თანაკურსელი, ჩემგან სრულიად განსხვავებული ვაჟი შემიყვარდა და ორი წლის შემდეგ ცოლად გავყევი. როგორც გავიგე, ბათუმ ეს ამბავი მტკივნეულად გადაიტანა, თუმცა მის რეაქციას იმით ვხსნიდი, რომ იმ პიროვნებისთვის არ ვემეტებოდი. ამაში დარწმუნებული ვიყავი.
– ქალი ყოველთვის გრძნობს, სინამდვილეში რა ამოძრავებს მის მიმართ მამაკაცს. თქვენ მისგან მხოლოდ მეგობრობას ხედავდით?
– საქმე მარტო ის არ იყო, რომ მე ვერ ვგრძნობდი ბათუს მხრიდან სასიყვარულო დამოკიდებულებას, როგორც ჩანს, თავადაც ვერ ერკვეოდა ამ გრძნობაში.
– როდის მიხვდით, რომ ერთმანეთი გიყვარდათ?
– საერთოდ, გრძნობა ძალიან რთული ფენომენია. შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მთელი ცხოვრება ვერ მიხვდე, რა გრძნობაა ეს, ან ბოლოს მიხვდე და საკუთარ თავთან გაგიჭირდეს ამის აღიარება, ვინაიდან უკვე ძალიან გვიანი იქნება და ვეღარაფერს შეცვლი.
მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენი, ბათუ აღარ შემხმიანებია. ჩემი მეუღლე ეჭვიანი იყო და ჩემ ირგვლივ კაცთა სქესის წარმომადგენელი მეგობრები არ სიამოვნებდა. ამიტომ თანდათან ყველა ჩამომცილდა. ერთხელ მშობლებთან სახლში მივდიოდი. საღამოს ქმარს უნდა გამოევლო და შინ მანქანით წავეყვანე. ქუჩაში შემთხვევით ბათუს შევხვდი მისთვის სრულიად უჩვეულო ფორმაში: სპორტულ სამოსში იყო, თითქოს მოუვლელი და ლუდის ჯიხურთან სასმელს ყიდულობდა.
ვერ ავხსნი იმ სიხარულს, რაც მისმა ნახვამ მომიტანა. თანაც წინა ღამით დამესიზმრა და მეორე დღეს მისმა ნახვამ განსაკუთრებულად მძაფრი განცდა აღმიძრა. თითქოს მის წინაშე სირცხვილის გრძნობა დამეუფლა, რომ გათხოვილი ვიყავი. თვითონ ბოდიში მომიხადა, ამ "ლოთურ მდგომარეობაში" რომ შემხვდა და მითხრა, ახლა, ამ წუთას შენზე ვფიქრობდიო.
– ანუ თქვენი დაკარგვის გამო მან სმას მიჰყო ხელი?
– არა, რას ბრძანებთ, ის სხვა დონის და ნებისყოფის ადამიანია, თავს ასე არ დაიკნინებს. ის დღე ალბათ გამონაკლისი იყო. სტუდენტობის შემდეგ ბათუ უნივერსიტეტში დარჩა სამუშაოდ, მეცნიერებაში ბევრს მიაღწია. სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო პედაგოგმა. გავიდა ოცი წელი. მან ცოლი შეირთო, ორი შვილი შეეძინა. მე ქმარს გავცილდი. ჩემ მიმართ ეჭვიანობა გაუმძაფრდა, არადა თურმე თავად სხვა ქალთან ჰქონია რომანი...
ჩემი გოგონა, თაკო, აბიტურიენტი გახდა. ჩემი ახლობლის ბავშვი ისტორიაში ბათუსთან ემზადებოდა და ძალიან კმაყოფილი იყო. თაკომაც დაიჟინა, მოსამზადებლად მასთან გადამეყვანა. მე ძალიან მერიდებოდა – ოცი წელია არ შევხმიანებივარ და ახლა შვილის მომზადებას ნამდვილად ვერ ვთხოვდი. თაკოს არ ესმოდა, რატომ ვიკავებდი თავს. მოხდა ისე, რომ იმ ჩემი ახლობლის ბავშვს უთქვამს ბათუსთვის, ნუცას გოგოს თქვენთან მომზადება უნდაო და ბათუმ თავად დამირეკა, მისაყვედურა, არ გრცხვენია, რას მერიდები, ბავშვი ახლავე მომიყვანეო. მეც უდიდესი განცდით და მონატრებით ვესტუმრე შვილთან ერთად.
ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა: თვალსაჩინოდ შეცვლილი არც ერთი ვიყავით და თითქოს შუალედი არც გვქონია – ჩვენი ურთიერთობა იმ დღიდან გაგრძელდა, როცა დავცილდით. ბათუ აბიტურიენტთა ჯგუფს ჩემი სახლიდან შორს, საღამოს საათებში ამზადებდა და ამიტომ თაკოს დავყვებოდი, ხშირად მეცადინეობებს ვესწრებოდი. როცა ბათუ რომელიმე თემას განიხილავდა, ორიენტაცია ჩემკენ ჰქონდა – აზრებით მე მელაპარაკებოდა. მეც მონუსხული, ზოგჯერ აწურული ვუსმენდი. ეს სულთა ფარული კავშირი მხოლოდ ჩვენ ორისთვის იყო საცნაური, გარეშე თვალი ამას ვერ მიხვდებოდა.
– იმ დროს მის ცოლ–შვილთანაც გიწევდათ ურთიერთობა?
– არა. მის ცოლს დღემდე არ ვიცნობ. ასე გავიდა მთელი წელი და როცა ბოლო გაკვეთილზე მივედი, ვერ აგიწერთ, რა განცდა მქონდა – ასე მეგონა, ხელახლა ვკარგავდი ადამიანს, რომელიც ჩემთვის საოცრად ძვირფასი იყო. გრძნობა, რაც ბათუს სკოლის პერიოდში ჩემ მიმართ ჰქონდა, ოცი წლის შემდეგ ზუსტად იმავე ფორმით ჩემზე გადმოვიდა. ფარულად ვეჭვიანობდი მის ცოლზე.
ბათუ იმ დღეს ძალიან ჩვეულებრივად დამშორდა, წარბიც არ შეუხრია. ერთი თვის შემდეგ კი დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. პატარა გოგოსავით გულისფანცქალით გავეშურე. რესტორანში ვისადილეთ, სიყვარულით მოვიგონეთ წარსული. მუსიკა ძალიან ხმამაღლა ჟღერდა და ერთმანეთს თითქოს ხმას ვეღარც ვაწვდენდით. ბათუმ შემომთავაზა, სადმე მყუდრო ადგილზე წავიდეთო და ქალაქგარეთ მასთან აგარაკზე ავედით. ბევრს მხიარულობდა და თავის ტალღაზე მაყენებდა. თავისი არაჩვეულებრივად საინტერესო ბიბლიოთეკა და კოლექციაც დამათვალიერებინა. ჩემთვის იმდენად ძვირფასი და საინტერესო იყო თითოეული მისი ნივთი, რომ შეხებისას ლამის ვეფერებოდი, ვესათუთებოდი. მერე ვისკი შემომთავაზა...
მის თვალებში მამაკაცური ნდომის სხივი დავლანდე. თითქოს დრო მოვიდა, ეს ურთიერთობა სხვა, უფრო ახლო ფაზაში გადასულიყო. არ ვიცი, რა დამემართა მაშინ, ალბათ შემეშინდა. საუბარი ცოლ–შვილზე გადავუტანე. შემცბარმა შემომხედა – მთელი ურთიერთობის მანძილზე ხომ ამ თემას არასოდეს შევხებივართ. ჩემი ეს "გარდასახვა" უარში ჩამითვალა, თითქოს განადგურებული დარჩა. მე, მისგან შეურაცხყოფილი და ის, ჩემგან უარყოფილი, უთქმელად წამოვედით. წარმოიდგინეთ, ამან იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა მის კაცურ თავმოყვარეობაზე, რომ მომდევნო ოცი წელი არ მაპატია. ამ ხნის ქალი ვარ და ვერ გამირკვევია, სად არის სიმართლე: იმ საღამოს მისთვის სიყვარულის ნება რომ მიმეცა, შეიძლებოდა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვლილიყო. ალბათ ჩემზე უბედნიერესი ქალი ქვეყანაზე არ იქნებოდა.
– ასე დასრულდა თქვენი სიყვარულის ისტორია?
– საქმე ისაა, რომ არ დამთავრდა და არც არასდროს დასრულდება. განგებამ ერთმანეთს კვლავ შეგვახვედრა. დღეს ჩვენ შორის უაღრესად მოკრძალებული და ამაღლებული ურთიერთობაა, რომლის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოგვიდგენია, მაგრამ უკვე ბევრი მიზეზის გამო ერთად ყოფნა არ შეგვიძლია. შვილიშვილებით დავიტვირთეთ, ასაკიც თავისებურ როლს თამაშობს. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი ხელიდან გავუშვით, როცა შეგვეძლო ბედნიერების და სიყვარულის ზენიტში ყოფნა. ვერ დავაფასეთ და თავის დროზე ვერ განვსაზღვრეთ ერთმანეთის როლი ჩვენს ცხოვრებაში.
მინდა ვთქვა, რომ ეს პიროვნება, რომელიც ფაქტობრივად არასოდეს ყოფილა ჩემი, მთელი ჩემი არსებობის მანძილზე და ახლა, ამ ასაკშიც, არანორმალურად მიყვარს!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია