ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასეთი რამ თუ დამემართებოდა. თურმე მართალი ყოფილა გამონათქვამი: "არასოდეს თქვა არასოდეს!". ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთ ხათაბალაში თუ გავყოფდი თავს.
ინტერნეტით ერთი ადამიანი გავიცანი. ჩემს ერთ–ერთ ფოტოზე ძალიან ლამაზი სიტყვები დამიწერა. მეც მადლობა გადავუხადე. ჩვენი ურთიერთობა აქედან დაიწყო. ხშირად მწერდა და მეც პასუხს ვცემდი. ისე დავმეგობრდით, ერთმანეთი თვალით არ გვენახა. არადა იმდენად ახლოს ვიყავით უკვე ერთმანეთთან, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე ყველაფერს ვუყვებოდი. ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელო რამ რომ ხდებოდა, იმასაც კი ვეუბნებოდი. ჩემს სულიერ მეგობრად იქცა. ერთმანეთს ვეხუმრებოდით, ვირტუალური მეგობრები ვართო. ერთი დღეც რომ არ შევხმიანებოდი, არ შემეძლო. თუ ინტერნეტთან არ იყო, მაშინ ტელეფონით საათობით ვსაუბრობდით.
ერთხელ სამსახურში რაღაც პრობლემა შეექმნა. მე კარგი სამსახური მაქვს და გავლენიან ადამიანებსაც ვიცნობ. მითხრა თუ არა, რომ პრობლემა ჰქონდა, მაშინვე დახმარება გადავწყვიტე. ჩემს რამდენიმე მეგობარს დავუკავშირდი და ვთხოვე, ჩემი ახლობელია, ყურადღება მიაქციეთ–მეთქი. მოკლედ, ეს პრობლემა ძალიან მალე მოვუგვარე, თან ისე, რომ მისთვის არც მითქვამს. როცა ყველაფერი დამთავრდა, მაშინ გავუმხილე. მითხრა, უნდა შეგხვდე და მადლობა გადაგიხადოო. თავი აღარ დავიფასე და ვუთხარი, ერთ ჭიქა ყავაზე თუ დამპატიჟებ, რომელიმე კაფეში შეგხვდები–მეთქი.
მართლაც შევხვდი. არ ვიცი, რა მომივიდა, მაგრამ მის დანახვაზე ვიგრძენი, რომ მის გარეშე ცხოვრება გამიჭირდებოდა. იმ წუთში მივხვდი, რომ ჩემთვის მხოლოდ უბრალო, ვირტუალური მეგობარი არ იყო, ბევრად მეტს ნიშნავდა. მან თავისი შთაბეჭდილება ვერ დამალა და მითხრა, არ მეგონა, ცხოვრებაში ასეთი მიმზიდველი თუ იყავი, ფოტოებზე ასეთი არ ჩანდიო.
ჩვენი შეხვედრები იმ დღიდან დაიწყო. ერთი დღეც რომ არ გვენახა ერთმანეთი, ვერ ვძლებდით. თავს არ ვუტყდებოდი, რომ მიყვარდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, შეყვარებული ხარო. მე კი თავს ვიგიჟებდი და ვამბობდი, უბრალოდ მეგობრები ვართ–მეთქი. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს მკითხა, ჩვენ ერთმანეთისთვის ვინ ვართო. მე წავიკეკლუცე და ვუთხარი, მეგობრები–მეთქი. მან კი მიპასუხა, მეგობრებთან ასე არ ვიქცევიო. იმ დღეს სიყვარული ამიხსნა. ჩემი გრძნობების დამალვა არც მიცდია. გამოვუტყდი, რომ მეც ვგიჟდებოდი მასზე.
თავს ვიდანაშაულებ, რომ ასე შორს წავედი. საქმე ისაა, რომ ის ცოლ–შვილიანია. მას არასოდეს დაუმალავს, რომ ცოლი და შვილები ჰყავდა. ჩვენ "მეგობრობანას" ვთამაშობდით, თავს ვიტყუებდით, ამიტომ მისი ქორწინება თითქოს დაბრკოლება არ იყო და ყურადღებას არ ვაქცევდი. საკუთარი თავთან და მეგობრებთან თავს იმით ვიმართლებდი, რომ ცოლიან კაცთან უბრალოდ კარგი მეგობრობა მაკავშირებდა.
ყოველთვის ვკიცხავდი იმ ქალებს, ვინც ოჯახებს ანგრევდა და კაცებს სახლში უვარდებოდა. ერთმა ქალმა ოჯახი დაუნგრია. იმ ქალს პირადად შევხვდი და ძალიან ცუდი რაღაცეები ვაკადრე. ვუთხარი, ღმერთის წინაშე მაინც აგებ პასუხს–მეთქი. ახლა კი სწორედ მის ადგილას აღმოვჩნდი. უკვე აღარ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. გონება მეუბნება, რომ მის ოჯახს მყუდროება არ უნდა დავურღვიო და ცოლ–ქმარი ერთმანეთს არ უნდა დავაშორო. გული კი სულ მისკენ მიმიწევს. ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე ვიცხოვრო. მის გარდა სხვა არავინ მჭირდება. ჩემი ცხოვრების აზრი ის გახდა.
ცოტა ხნის წინ მითხრა, შენ თუ მზად ხარ, მე გადავდგამ ნაბიჯს და შენთან წამოვალო. სასტიკი უარი ვუთხარი – მთელი ცხოვრება შენი შვილების ცოდვა არ მომასვენებს, ბედნიერები მაინც არ ვიქნებით–მეთქი. მიმტკიცებს, რომ შვილებს არაფერს მოაკლებს, ცოლთან კი მაინც ვერ იცხოვრებს და ადრე თუ გვიან, მისგან მაინც წავა. გამომიცხადა, შეიძლება შენ არ იყო და სრულიად სხვა ქალთან წავიდე, ჩვენი ოჯახური ცხოვრება დასრულებულიაო. მიმტკიცებს, რომ ამის მიზეზი მე არ ვარ, მაგრამ მისი სიტყვები სულს მაინც ვერ მიმშვიდებს. მეუბნება, ჩვენ შორის ბევრი უთანხმოება იყო, ერთმანეთს თავიდანვე ვერ ვეწყობოდით, მასთან მხოლოდ შვილები მაკავშირებსო. ამ სიტყვების მიუხედავად, სინდისს ვერ ვიმშვიდებ. არ შემიძლია, ეს ნაბიჯი გადავდგა. ვერ ავიტან, ჩემკენ თითი გამოიშვირონ და თქვან, ეს ის ქალია, ბავშვებს მამა რომ წაართვა და ოჯახი დაანგრიაო.
ბოლო დროს ისეთი გათიშული დავდივარ, ვეღარ ვაზროვნებ. სამსახურში მეკითხებიან, რა გჭირს, რა გემართებაო. ამას ვერავის ვუყვები. საკუთარ თავს ვებრძვი. არ ვიცი, რომელი დაჯაბნის, გრძნობა თუ გონება. ძალიან მეშინია... მის დაკარგვას ვერ ავიტან, ვერც იმას ავიტან, სხვა ადამიანები გავაუბედურო. ყველას გირჩევთ, ჩემსავით ნუ შეტოპავთ! როცა მიხვდებით, რომ შორს წახვედით, მაშინვე უკან დაიხიეთ, თორემ მერე გრძნობების გაკონტროლება ძალიან გაგიჭირდებათ. თუნდაც ერთი წლის წინ რომ გამეწყვიტა მიმოწერა, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი.
ვირტუალური სამყარო არც ისე უწყინარია, როგორც გვეჩვენება. ჩვენს სულში ისე შემოდის და იკავებს ადგილს, ვერც ვაცნობიერებთ. ჩემს ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ. გთხოვთ, ჩემი ამბავი გაითვალისწინეთ და იგივეს ნუ გაიმეორებთ!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია