თავის ქებით არ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ კარგი გოგო ვიყავი, სიცოცხლით და იუმორით სავსე. მშობლებმა კარგი განათლება მომცეს და სამსახურიც ვიშოვე. ბედნიერი და ლაღი ცხოვრება მქონდა. ჩვენი სამსახურის მეზობლად ერთი ინვალიდი ბიჭი ცხოვრობდა. ძალიან მეცოდებოდა და თბილად ვექცეოდი. ბავშვობიდან გარკვეული დეფექტები ჰქონდა. ამ ბიჭმა ჩვენს სამსახურში სიარულს მოუხშირა. მერე მისი გახელება დაიწყეს, შენ აქ ვიღაც გიყვარსო. ბოლოს მაშაყირებდნენ, ბედი კარზე მოგადგაო. ყველას ვეუბნებოდა, საცოდავი ბიჭია და მასზე ნუ ხუმრობთ–მეთქი. ისევ თბილად ვექცეოდი. არ მინდოდა, რომ გული სტკენოდა. მისი ცოლობა კი გულშიც არ გამივლია.

ერთ დღეს სამსახურში მივდიოდი. ჩემი სახლის გაჩერებაზე ნაცნობმა მანქანა გამიჩერა. ის ჩემი სამსახურის მეზობლად ცხოვრობდა. მანქანაში ჩავჯექი. რამდენიმე მეტრი რომ გავიარეთ, გზაზე ორი ნაცნობი შეგვხდა. მათაც გაუჩერა. თან გაიხუმრა, დღეს თქვენი მძღოლი გამოვდივარო. ეჭვიც კი არ გამივლია გულში. სამსახურთან რომ მივედით, ის ინვალიდი ბიჭიც გზაზე დაგვხდა, სასწრაფოდ გაუჩერეს მანქანა. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ მანქანა დიდი სისწრაფით დაძრეს. მითხრეს, დღეიდან ამ კაცის ცოლი იქნებიო. ვიფიქრე, რომ მას აშაყირებდნენ. ვუთხარი, ცოდოა, ასეთ რამეს როგორ უკეთებთ–მეთქი. მის დაცვას ვცდილობდი. რა ვიცოდი, რომ მართლაც მისთვის მივყავდი. როცა მივხვდი, რომ მართალს მეუბნებოდნენ და იმ ადამიანისთვის მიტაცებდნენ, გადავირიე, მაგრამ ჩვენს რაიონს უკვე გაცდენილები ვიყავით. ბევრი ვიტირე, ვიჩხუბე, ვეხვეწე, ნუ დამღუპავთ–მეთქი. ისინი კი მეუბნებოდნენ, ერთად გაზრდილები ვართ, შეუყვარდი, შენ გამო თავს იკლავს და ჩვენი ბავშვობის მეგობარს ვერ დავჩაგრავთო.
უცნობების სახლში მიმიყვანეს. მიყრუებული სოფელი იყო. ტელეფონიც კი არ იყო, რომ ვინმესთვის დამერეკა. ახლა მობილური ტელეფონი ბავშვებსაც კი აქვთ, მაშინ კი ეს უცხო ხილი იყო. ვერ წარმოიდგენთ, რისი გადატანა მომიხდა. მუხლებზე დავვარდი და ვიხვეწებოდი, ნუ გამაუბედურებთ–მეთქი. პოლიციითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. კვირაზე მეტი იმ სოფელში ვიყავით. გვერდიდან არ მშორდებოდნენ, რომ რამე არ ჩამედინა. თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი და ამას მართლაც გავაკეთებდი, მაგრამ წუთით არ მაშორებდნენ თვალს. სოფლიდან მანამ არ წამომიყვანეს, სანამ ჩემმა მომავალმა ქმარმა ძალა არ იხმარა და არ გამაუპატიურა. მეორე დღეს ურცხვად თქვეს, თავი ქუდში გვაქვს, პატარძალი ჩვენიაო. ახლაც მახსოვს მათი უკბილო და ამაზრზენი ხუმრობები. იქიდან გაუბედურებული წამოვედი.
მშობლებს არაფერი უკითხავთ. ჩემ სანახავად არც მოსულან. თურმე უთხრეს, თავისი ნებით გაჰყვაო. ჩემი ქმარი საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი იყო. ჩემს მშობლებსა და ახლობლებს ეგონათ, ფულს დავხარბდი და ცოლად ჩემი ნებით გავყევი. ქმრის მშობლები თან მყვებოდნენ. დედამთილი ისე მეფერებოდა, რომ მეცოდებოდა. ვთქვი, ალბათ ჩემი ბედი ეს ყოფილა–მეთქი. ქმარი არ მყვარებია, მაგრამ მის მიმართ რაღაც გარკვეული გრძნობა გამიჩნდა. მეცოდებოდა და მებრალებოდა. შვილიც გვეყოლა. ბედნიერი იყო.
თავიდან ყველაფერი თითქოს რიგზე იყო, მაგრამ მერე ჩემი წამება დაიწყო. ჩემი ქმარი გალოთდა. სახლში ყოველდღე მთვრალი მოდიოდა და ჩემკენ საცემრად იწევდა. თავის ჯოხს აიღებდა და გადამცხებდა ხოლმე. სიმთვრალეში საშინელი ეჭვიანი იყო. მოლანდებები ჰქონდა. ისეთ წამლებს სვამდა, რომ მისთვის ალკოჰოლიანი სასმელები არ შეიძლებოდა, მაგრამ თავისას არ იშლიდა. მშობლები ემუდარებოდნენ, თავს დაიღუპავ, ანგელოზივით ცოლ–შვილს დაკარგავ და ჩვენც სიბერეს ჩაგვიმწარებ, გაგვაუბედურებო, მაგრამ ოჯახი ღვინოს ანაცვალა. მასთან გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო, ყოველდღე მცემდა. მის მიმართ სიბრალულის გრძნობაც გამიქრა.
ერთ დღეს ჩემი ნივთები ავიღე და სახლიდან წავედი. დედამთილი ქუჩამდე გამომყვა ტირილით. შემეცოდა, მაგრამ ვერ მივბრუნდებოდი. მამამთილმა ბავშვს კარგი სახლი უყიდა. სანამ კარგად იყვნენ და ფეხზე იდგნენ, ჩემი შვილისთვის არაფერი მოუკლიათ, გზაზე დამაყენებინეს. ჩემი ყოფილი ქმარი კი ისე გალოთდა, სახლიდან რაღაცეებს იპარავდა, ყიდდა და არაყში ხარჯავდა. მამის შეძენილი ქონება გაანიავა. გათხოვებაზე აღარ მიფიქრია. ჩემი ცხოვრება შვილს მივუძღვენი. გამიმართლა. კარგი, წესიერი შვილი მყავს. საოცრად ნიჭიერი და ჭკვიანია. ის არის ჩემი ცხოვრება, სიხარული და ბედნიერება, მაგრამ, როგორც ქალი, უბედური ვარ. სხვათა შორის, ყველას, ვინც ჩემი მოტაცების ამბავში ჩაერია, ცხოვრება ცუდად წაუვიდა. არ მინდა, მათზე ნიშნისმოგებით ვილაპარაკო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჩემმა ცოდვამ უწიათ.
ყველა იმ ადამიანს, ვინც ქალის მოტაცებას აპირებს, მივმართავ: ასეთ ცოდვას ნუ ჩაიდენენ! დაფიქრდით იმაზე, რომ თქვენ ადამიანის ბედს ცვლით. ამის უფლება კი არავის აქვს!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია