მე და გიგამ ერთმანეთი საერთო ნათესავის ოჯახში გავიცანით. ვერ გეტყვით, რომ ერთი ნახვით მოვიხიბლე, მაგრამ დავმეგობრდით. ოთხი წლის განმავლობაში ერთმანეთს ტელეფონით ვეკონტაქტებოდით. შეიძლება ითქვას, რომ ტელეფონის მეგობრები ვიყავით. ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით, მაგრამ ერთხელაც არ გაგვჩენია სურვილი, შევხვედროდით და ურთიერთობაში სიახლე შეგვეტანა. ერთ დღეს გიგამ მოულოდნელად მითხრა, გასტროლებზე მივდივარ და სანამ წავალ, უნდა გნახოო. მეც დავთანხმდი და ერთმანეთს შევხვდით. უცხოეთიდანაც ყოველდღე მირეკავდა და საათობით ვსაუბრობდით. საქართველოში დაბრუნებისთანავე შემხვდა და საჩუქარი გადმომცა. მინდა აღვნიშნო, რომ გიგა თბილი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცნობდი.
ჩვენი ურთიერთობა ნორმალურად მიდიოდა, სანამ ჩვენ შორის სხვა ადამიანი არ ჩადგა. ის გოგო გიგას მეზობელი იყო. ჩვენს ცხოვრებაში გველივით შემოსრიალდა და ყველაფერი აგვირია. თავიდან გიგას ვთხოვდი, სანამ კარგად არ ჩამოვყალიბდებით, ჩვენი ურთიერთობის შესახებ არავის ვუთხრათ–მეთქი. ცოლობა არაერთხელ მთხოვა, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ აჩქარება არ ღირდა. სიმართლე გითხრათ, გათხოვება არ მინდოდა. გიგა 30 წლის იყო, მე – 21–ის. გარკვეული მიზეზების გამო ჩემი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. უფრო მეტიც, მასთან შეხვედრას მიკრძალავდნენ, მაგრამ არავის ვუჯერებდი. მისი სიყვარულის გამო ბევრ რამეს ვიტანდი.
იმ გოგოს გაცნობის დღიდან ყველაფერი შეიცვალა, ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა. გიგა განსხვავებული ტიპია. არასოდეს ჩხუბობდა, ვერ ვიგებდი, რა სწყინდა და რა უხაროდა. საკუთარ თავში იკეტებოდა, ხმას არ მცემდა, ერთი სიტყვით, მისი გაგება რთული იყო. თანდათან შეიცვალა. ვეკითხებოდი, რა ხდება–მეთქი, მპასუხობდა, არაფერი, უბრალოდ კარგად არ ვარ, მაგრამ ყველაფერი დალაგდებაო. მოსვენება დავკარგე.
მე და გიგა ერთი ტაძრის მრევლი ვართ. ერთხელ ტაძარში ვნახე. ვუთხარი, ასე გაძლება აღარ შემიძლია, ჯობია, ყველაფერი დავასრულოთ–მეთქი. მოკლედ მიპასუხა, დროებითო. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ვერ გეტყვით, რა გადავიტანე. ხალხში თავი ისე მეჭირა, თითქოს არაფერი მაწუხებდა, სინამდვილეში კი ვიტანჯებოდი.
გიგას შეცვლის მიზეზი მოგვიანებით გავიგე. თურმე მისი მეზობელი გოგო ჭორებს მივრცელებდა. გიგას და მის ოჯახს ეუბნებოდა, თქვენზე ჭორაობს, გლანძღავთო. არადა ეს ყველაფერი ტყუილი იყო. უფლის წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ მათ მიმართ ცუდი განწყობა არასოდეს მქონოდა.
იმ მეზობელს გიგაზე ჩემთანაც მოჰქონდა ამბები. მეუბნებოდა, შენ კარგი გოგო ხარ, გიგა კი შენი ღირსი არ არის, დედამისი წინააღმდეგია, რომ მათ ოჯახში შეხვიდეო. არ დავწვრილმანდები და არ ვიტყვი, მის ოჯახზე კიდევ რა ილაპარაკა. მითხრა, გიგას ეზიზღები, შენი დანახვა არ უნდა, ახალი შეყვარებული ჰყავს და სულ შენს ძაგებაშიაო. ვცდილობდი, გიგა მენახა, დავლაპარაკებოდი და ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ მან ამის საშუალება არ მომცა. ტელეფონის ნომერიც კი შეიცვალა. ძმაკაცები გააფრთხილა, ჩემთვის ახალი ნომერი არ მოეცათ. ტაძარშიც მემალებოდა, თვალს მარიდებდა, რომ არ დავლაპარაკებოდი. არ ვიცი, რისი ეშინოდა... ჩემი აზრით, სიყვარული თავის უაზრო პრინციპებს ანაცვალა.
უფალს ვევედრები, ეს ყველაფერი გადამატანინოს. სულ ჩამესმის უწმინდესის სიტყვები, მთავარი დაცემა არ არის, მთავარია, ადგომა შეგეძლოთო. დრო ყველაფრის მკურნალია და ყველას უფალი განსჯის.
გიგა, შეგეძლო, კაცურად დამლაპარაკებოდი. აგეხსნა, რა მოხდა. სხვასთან ჭორაობას ჯობდა, ჩემთვის გეთქვა, რაც გაწუხებდა. ჩვენი ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ ოდესმე სიმართლეს გაიგებ. თურმე გითქვამს, ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონაო. ნამდვილად ისეთი ვარ, როგორსაც მიცნობდი, მაგრამ
ამას შენ ძალიან გვიან მიხვდები.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია