მე სამი ძმა მყავს, ამიტომ ბიჭებთან ურთიერთობა არასოდეს მიჭირდა. პირიქით, მათთან უკეთესად ვგრძნობდი თავს, ვიდრე გოგონებთან. ჩემი ძმის მეგობრები ხუმრობით ძმაკაცს მეძახდნენ. მართლა სუფთა გულით მიყურებდნენ. მათგან ოდნავი ცუდი გამოხედვაც კი არ მიგრძვნია. დღემდე პატარა დაიკოს მეძახიან. ყოველთვის ვამბობდი, კაცებმა უკეთესი მეგობრობა იციან, ვიდრე ქალებმა–მეთქი. ისინი გაცილებით ერთგულები და თავდადებულები მეგონენ. თურმე კაცსაც გააჩნია. ყველას ერთნაირი თვალით არ უნდა შეხედო.
ჩემმა ქმარმა მომიტაცა. ვერ წარმოიდგენთ, ჩემი ძმები და მისი ძმაკაცები რა დღეში ჩაცვივდნენ. მაშინვე მიპოვეს და ჩემი მომავალი ქმარი ლამის მოკლეს. უთხრეს, ეს როგორ გაგვიბედე, ამდენ კაცს როგორ გადაგვაბიჯეო. მან გულწრფელად უპასუხა, მიყვარდა, მაგრამ თქვენი შიშით მასთან მიახლოებას ვერ ვბედავდი, თქვენ ახლოს არავის აკარებდითო. მართლაც ასე იყო. ვინმეს სხვანაირი თვალით რომ შემოეხედა, თვალებს დასთხრიდნენ. ჩემი მომავალი მეუღლე შორიდან მეც მომწონდა. როცა სიყვარულში გამომიტყდა, მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა, ამიტომ ჩემს ძმებს სახლში არ გავყევი. ვუთხარი, რომ მასთან ვრჩებოდი. ძალიან გამიბრაზდნენ, დიდხანს ხმას არ მცემდნენ, მაგრამ მერე ამას შეეგუენ და ჩემი ქმარი საფიცრად ჰყავთ. მასთან, როგორც მეგობართან, ისე არიან.
არასოდეს მინანია, რომ ასეთი ნაბიჯი გადავდგი. ერთმანეთის მიმართ სიყვარული დროთა განმავლობაში მეტად გაგვიმტკიცდა. ბედნიერი და მყარი ოჯახი გვაქვს. ჩემი მყუდროება და სიმშვიდე კი ერთმა ადამიანმა დაარღვია. ის გაბედა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ის ადამიანი ჩემი ქმრის უახლოესი მეგობარია. მთელი ბავშვობა ერთად აქვთ გატარებული.
ქმრის მეგობრები საკუთარივით მივიღე. მეგონა, ჩვენთვის ძალიან ახლო ადამიანები იყვნენ და გაჭირვების დროს მათზე დაყრდნობა შეიძლებოდა. თურმე ვცდებოდი. ერთი სარეველა ყველგან გაერევა და ჩვენს ოჯახშიც შემოაღწია.
ერთ დღეს ჩემი ქმრის ბავშვობის მეგობარი მოვიდა. ნერვიულობდა. ვკითხე, რამე ხომ არ შეგემთხვა–მეთქი. არაო, მიპასუხა, მაგრამ ისეთი თვალებით იყურებოდა, ისიც კი ვუთხარი ხუმრობით, შემთხვევით "მწვანე ბალახი" ხომ არ მოწიე–მეთქი. არ ვიცი, შეიძლება ნარკოტიკების თრობის ქვეშაც იყო. უცებ მომმვარდა და კოცნა დამიწყო. მე მოვიგერიე, ხელი ვკარი. იქვე დანას წამოვავლე ხელი და ვუთხარი, შენც გამოგჭრი ყელს და მეც თავს მოვიკლავ–მეთქი. რაღაც წაილუღლუღა და წავიდა.
გაოგნებული დავრჩი. ამ შეურაცხყოფის პატიება არ შემიძლია და არც ვაპატიებ. ჩემს ოჯახში ფეხს ვერასოდეს შემოდგამს! გონს რომ მოვედი, დავურეკე და ვუთხარი, რამე მოიფიქრე და ჩემს ქმარს თავად ჩამოშორდი, ჩემს ოჯახში აღარ გნახო, თორემ ჩემს ძმებს ვეტყვი და ცხვირ–პირს გაგიმთლიანებენ–მეთქი. იმ დღიდან მართლაც არ გამოჩენილა. ჩემს ქმარს და მის ძმაკაცებს უკვირთ, ასე რომ იქცევა. სინამდვილე მე ვიცი, მაგრამ ამას არავის ვეტყვი. სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ შევინახავ.
ქალებს ერთ რჩევას მოგცემთ. როცა სახლში არავინაა, მამაკაცს შინ ნუ შემოიპატიჟებთ. როგორი ახლობელიც უნდა იყოს, მასთან მარტო ნუ დარჩებით. მე გამიმართლა და თავი დავიცავი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო. მაშინ მართლა არ ვიცი, რა მოხდებოდა. ერთადერთი ის ვიცი, რომ მას არ ვაცოცხლებდი და ადრე თუ გვიან სიცოცხლეს გამოვასალმებდი.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია