ერთ–ერთ რაიონში გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მშობლები ჩემი უმცროსი ძმით ყოველთვის ამაყობდნენ, რადგან ყოველთვის ჩემზე კარგად სწავლობდა და მშობლებს ახარებდა. ჩემი კი არაფერი მოსწონდათ და არც აინტერესებდათ. გული მტკიოდა, მაგრამ შემდეგ შევეგუე. როცა წამოვიზარდე, ოჯახზე გული ავიყარე. სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა. შეიძლება ითქვას, ქუჩაში გავიზარდე. ქუჩურმა ცხოვრებამ გამიტაცა. ჩემნაირ ბიჭებს დავუახლოვდი. 16 წლიდან ხელი ცუდ ცხოვრებას მივყავი. გადავწყვიტე, სხვებისთვის მიმებაძა და კარგი ბიჭის სახელი მომეპოვებინა. ჯერ ნარკოტიკს გავუსინჯე გემო, მერე კი თანდათან ისე შევეჩვიე, დღე არ გავიდოდა, არ გამეკეთებინა.
ქურდობაც დავიწყე. პატარა ქურდობიდან კი ყაჩაღობაზე გადავედი. ამ ყველაფერმა გამიტაცა. მინდოდა, "შავ სამყაროში" ცნობილი გავმხდარიყავი. იმ პერიოდში ძმაკაცის დაბადების დღეზე მომიხდა მისვლა. იქ გავიცანი ნანა, რომელიც ისე შემიყვარდა, რომ თავი დავკარგე. ყოველთვის იმას ვამბობდი, ჩემნაირი ბიჭი ვინმეს შეყვარებას ვერ შეძლებს–მეთქი. ძმაკაცებიც გაკვირვებულები იყვნენ, ასე თავდავიწყებით რომ მიყვარდა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი გოგოსთვის თავი შემეყვარებინა. თავიდან არ მოვწონდი, მერე კი მასაც ძალიან შევუყვარდი, ჩემ გარეშე ვერ ძლებდა. თავიდანვე ვუთხარი, როგორი ცხოვრებაც მქონდა. რა თქმა უნდა, არ მოეწონა. მევედრებოდა, ყველაფერი თავიდან დაიწყე, სანამ გვიანი არ არისო. მისმა ვედრებამ რომ არ გაჭრა, მერე თავი დამანება, აღარაფერს მეუბნებოდა. ჯიუტად ვიმეორებდი, ჩემი თავის მე ვიცი–მეთქი.
5 წელი ვიყავით შეყვარებულები. გადავწყვიტე, ცოლად მომეყვანა. ისინი, ვინც ჩემთან ერთად რაღაცეებზე "ჩალიჩობდნენ", დამცინოდნენ, რაში გჭირდება შეყვარებული და ცოლი, ჯობია, საქმე აკეთო, ოჯახი ზედმეტი ბარგიაო. საყვარელ ადამიანს ბევრჯერ გულს ვტკენდი, უყურადღებოდ ვტოვებდი. ჩემს ცხოვრებასა და პრობლემებზე გაღიზიანებული ჯავრს მასზე ვიყრიდი. ის კი ყველაფერს ითმენდა. ერთხელ ცდუნებას ვერ გავუძელი და ჩემი გახდა. საშინლად განიცადა, მაგრამ ისიც მაპატია. მეგონა, ყოველთვის გამიმართლებდა და ვერასოდეს დამიჭერდნენ, მაგრამ ერთ დღესაც ჩავვარდი. ნანა საშინელ დღეში ჩავარდა. ბევრი ინერვიულა. უყურადღებოდ წუთითაც არ დავუტოვებივარ. ხშირად მაკითხავდა. აღარც ძმაკაცები და მშობლები მაკითხავდნენ. საყვარელი ადამიანის გარდა ყველამ დამივიწყა. ციხეში ბევრი ტანჯვა გადავიტანე. ნანას კი არ მივუტოვებივარ. შემდეგ შემიწყალეს და ციხიდან გამოვედი. ყველაფერზე უარი ვთქვი და ვიქორწინეთ. პატარაც გვეყოლა. შვილის სიყვარულმა თავი სულ დამაკარგვინა.
ახლა ბედნიერი ოჯახი გვაქვს, მაგრამ წარსული მაინც შავ ლაქად მაქვს. კაიბიჭობა გარედან ლამაზად ჩანს, მაგრამ რაც უფრო ეფლობი მასში, თავის დაღწევა უფრო მეტად გიჭირს. ჭაობივით გიძირავს და გახრჩობს. მე საყვარელი ქალის წყალობით ყველაფერს დავაღწიე თავი. სიყვარულმა გადამარჩინა, თორემ ახლა ან მკვდარი, ან ისევ ციხეში ვიქნებოდი. იმ ბიჭებმა, რომლებიც საქმეში ჩემთან ერთად იყვნენ, ცხოვრება სწორედ ასე დაასრულეს.
არავის ვუსურვებ, ჩემნაირი ცხოვრება გაიარონ. ვინც იმავე გზას ადგას, ვურჩევ, ჭაობს რაც შეიძლება სწრაფად დააღწიონ თავი. ღმერთი იწამეთ და ყველა სირთულეს დაძლევთ. ნებისყოფა მოიკრიბეთ და რთული არაფერია. ცხოვრებას თავიდან დაიწყებთ. მთავარია, მოინდომოთ და სწორი გზა აირჩიოთ. "შავი სამყარო" ჭაობივით ჩაგითრევთ და საბოლოოდ დაგახრჩობთ და დაგღუპავთ!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია