მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…
მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:
"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!…
"ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
"წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.
"გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო, -
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!…
"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…
"ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
"დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!…
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!”

                                            ავტორი:აკაკი წერეთელი


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია