მწვავ და ალი კი ლექსებად ამდის,
ცასაც გაჭვარტლავს პირდაპირობით.
იმ საღამომდე ყოველდღე მწამდი
და შეგიძულე ერთი პირობით,
.
რომ უფრო ძლიერ მეყვარებოდი !
.
ისე შეგიგრძნობ ვით პეტრე ქრისტეს,
სამჯერ უარყო მამლის ყივილზე.
მეც უარგყავი და ვერ გავრისკე.
თვალი დავხუჭე ამდენ ტკივილზე.
.
მას მერე არის ლურჯად რომ არ წვიმს,
არც თოვლია და მოდის ზამთარი.
ფრთები დააჭრეს თავნება არწივს,
ახლა ლოთია_სევდით გამთბარი.
.
გოლგოთად იქცა ყველა აღმართი,
ცისარტყელაც კი შავ-თეთრი გახდა.
მთვარეს დაედო ფერი წარმართის,
მზისგან მიიღო რუჯი და გახმა.
.
მგლებმა დაიწყეს ბალახის ძოვა,
გრძელი ზაფხული მობეზრდათ ირმებს.
სიკვდილი სხვაგან სად წავა? მოვა.
მოვა და წავალ, წამად გაირბენს.
.
მე დღეს სვავებმა  წამართვეს ტახტი,
ხალხს შეუყვარდა წითელი ფერი.
ამ უშენობით მოკვდავი გავხდი,
გვერდით არ მყავხარ შენ, ჩემი მერი.
.
სიყვარულისგან გულს გული ტკივა,
სიცარიელე აწუხებთ წიგნებს.
მაგ მკერდთან სითბო ვერასდროს მივა
და ეს ვნებებიც გზას ვერ გაიგნებს.
.
ვდუღვარ, ორთქლი კი ლექსებად ამდის,
ცასაც აოგნებს პირდაპირობით.
აქამდე მუდამ, ყოველთვის მწამდი
და შეგიძულე ერთი პირობით,
.
რომ უფრო ძლიერ მეყვარებოდი !


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია