გიყვარდა ჩემში ყველა თვისება,
გიყვარდა ჩემში სულ ყველა ნაკლი,
როცა მოგშორდი, როცა წავედი,
ვიცი, რომ შენს გულს დძლიერ დავაკლდი.

გიყვარდა ჩემში რაღაც ღვთაება,
გიყვარდა ჩემში რაღაცა თითქოს,
მე ვიცი, ჩემგან რომ ვერასოდეს
შენ ვერ მიიღებ სანუკვარ სითბოს.

შენს თბილ სიტყვებს და თბილ მოსალმებას
უყურადღებოდ ვტოვებდი მუდამ.
ხანდახან ვხვდები, უგულო ქცევით
რომ საკუთარი თავი შემძულდა.

უჩემოდ ყოფნა სევდას გმატებდა
და გიმატებდა მძიმე იარებს,
ამ უგრძნობლობით და სიამაყით,
როგორ მოირჩენ მძაფრ ნაიარევს?

როცა მხედავდი ღიმილი, სითბო
განათდებოდა ჩამქრალ თვალებში,
გელანდებოდი ყოველთვის, მუდამ
ყველაზე ღვთაებრივ წმინდა ხატებში.

ტყუილუბრალოდ ქმნიდი ღვთაებას,
ტყუილუბრალოდ ფლანგავდი წამებს,
უჩემოდ ყოფნა ვერ ვიფიქრებდი,
ასე უღმერთოდ თუ გაგაწამებს.

ერთხელ მითხარი : « მინდა სიკვდილი,
მინდა, რომ მომკლა მე შენი ხელით.
მინდა, სიცოცხლე რომ დავასრულო
შენს ბაგეებზე ნაზად შეხებით.

მინდა შეგიგრძნო, მინდა გაგათბო,
ეგ გაყინული გული გავალღვო.
მინდა, ოცნებას მოეღოს ბოლო,
შენ სანატრელო, ღვთაება, გოგოვ!”

მაგრამ სანაცვლოდ მიიღე ზიზღი,
გულის დამჭრელი მწარე სიტყვები,
შენ გინდა გაქრეს და მოიშორო
ეს შემზარავი მწვავე ფიქრები,

ჩემში ხედავდი ყველა სილაღეს,
ეს სითამამე გხიბლავდა ძლიერ,
ასე მგონია, რომ არ გიყვარდე
მე ვერასოდეს ვერ გაპატიებ!


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია