ბიოგრაფია 

მურმან ლებანიძე დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსთაფაში. 1940 წელს, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.

მოღვაწეობა

1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთავარ რედაქტორად. 1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანია, თავმჯდომარედ. შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი იყო. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძეს ეკუთვნის ლექსებისა და პოემების კრებულები „რჩეული" (1972), „ანისის აღება" (1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი" (1974), „რჩეული ლირიკა" (1977), „რჩეული" (1979): საბავშვო წიგნები „ბიჭები" (1963), „ოთხი დრო" (1964) და სხვა. ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ამან განაპირობა სინამდვილის სხვადასხვა ასპექტის და ნაირგვარი პოეტური თემის ასახვა მის პოეზიაში. ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. მისი ერთობ ორიგინალური ძიებანიც მუდამ ემყარება წინაპარ თანამოკალმეთა ტრადიციებს. პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. ლებანიძე თამამად ეხმაურებოდა პირადული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს. მისი პოეტური თვალთახედვა უპირატესად კონკრეტულ, უშუალოდ აღსაქმელ მოვლენებზეა მიმართული. ამასთან, მის მიერ ასახული უაღრესად ინტიმური მოვლენებიც მხატვრული განზოგადების ხარისხშია ატანილი. გრძნობა თუ ფიქრი გამოხატულია ნატიფად და უშუალოდ, თავისუფალია ყოველგვარი სენტიმენტალურობისა და პათეტიკურობისაგან. ვერსიფიკაციის სფეროში მან კიდევ უფრო განავითარა პაროდიული სტილი და სასაუბრო მეტყველება. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რითმის დინამიკურობა. პოეტი მუდამ საზოგადოებრივი ცხოვრების შუაგულში ტრიალებს. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.

თარგმნები

მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ძველი ნიმუშები, რედიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზისიის მიკროანთოლოგია (კრებული „უკვდავი ყვავილები", 1971). მურმან ლებანიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ და ჩეხურ ენებზე.

მინიჭებული პრემიები და ჯილდოები

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, "საპატიო ნიშნის" ორდენებით.

1972 წელს მურმან ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველისა და გალაკტიონის პრემიები.

დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

1995 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

მურმან ლებანიძე დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


იმისათვის რომ დაამატოთ კომენტარი საჭიროა რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
რეგისტრაცია  ავტორიზაცია